ადვოკატი ამტკიცებს, რომ ნარკოტიკული საშუალება „კაბუს“ არ ეკუთვნის, ის "ჩადებას " გამორიცხავს

27.11.23 17:29
ადვოკატი ამტკიცებს, რომ ნარკოტიკული საშუალება „კაბუს“ არ ეკუთვნის, ის "ჩადებას " გამორიცხავს

ქალის მიმართ ძალადობის, მუქარის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვისთვის დაკავებული მსახიობის, კახა აბუაშვილის, იგივე „კაბუს“ ადვოკატის, დავით სანაძე ადასტურებს, რომ დანა, რომლითაც გამოძიების ინფორმაციით, ცნობილი რეპერი ქალს ემუქრებოდა, ნამდვილად მომღერალს ეკუთვნის, თუმცა უფლებადამცველს კითხვები ნარკოტიკების საკითხზე აქვს. 

ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ "მომღერალს ნარკოტიკები ჩხრეკის დროს პოლიციელებმა ჩაუდეს", ან ეს გააკეთა ქალმა,  რომელმაც რეპერის  წინააღმდეგ ჩვენება მისცა.

ნარკოტიკი ამოღებულია, საქმეში დევს, მაგრამ ეს მას არ ეკუთვნის...  ჩაუდეს, თუ სხვისი იყო, არ ვიცი. რას და როგორ გადავწყვეტთ, რა ექსპერტიზას დავნიშნავთ, ეს ჩვენი და ბრალდების პრეროგატივაა",- აცხადებს ადვოკატი.

ადვოკატი ამტკიცებს, რომ აბუაშვილის ავტომობილიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალება "კაბუს" არ ეკუთვნის.

„ბრალი სამი მუხლით წარედგინა, ეს არის ძალადობა, მუქარა და ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა. კახა წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. რაც შეეხება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა საქმეში არ არსებობს და ბრალდება მხოლოდ ერთი პირის განაცხადს ეფუძნება და ერთი ადამიანის განაცხადის საფუძველზეა ის დაკავებული.

მანქანით მოძრაობდნენ, რა დროსაც დაკავება მოხდა",- აცხადებს სანაძე.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ მსახიობ კახა აბუაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია), 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა) და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) წარუდგინა.

მსგავსი სიახლეები