ეს ვიწრო „ტუსოვკა“, კვიპროსის კლუბი მიიჩნევს, რომ გავატკაცუნებთ თითს და აქ რაღაც აღსრულდება, ასე ეს პარტია არ მუშაობს - ზოდელავა
„ეს ვიწრო „ტუსკოვკა“, ეს კლუბი მიიჩნევს, რომ ჩვენ გავატკაცუნებთ თითს და აქ რაღაც აღსრულდება, ასე ეს პარტია არ მუშაობს, პარტია დგას ფასეულობებზე და კონკრეტულ ადამიანებზე, რომლებიც მიჩვეული არიან თავიანთი მოსაზრების დადგმას,“ - ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მურთაზ ზოდელავამ „დღის ამბებში“ გააკეთა. ზოდელავა ნიკა მელიას პარტიიდან შესაძლო გარიცხვას ეხმაურება.
როგორც ზოდელავა ამბობს, ის, რაც „ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალურ მოძრაობას“ ვერ დაუშავა წლების განმავლობაში, ახლა პარტიის შიგნით ხდება დასუსტება.
როგორც ზოდელავა ამბობს, ის "ნაციონალური მოძრაობიდან" არ მიდის.
პარტიის პოლიტიკურ გადაწყვეტილებად შემოგვასაღეს ის გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იქნა დელისის მეტროსთან არსებულ შენობაში. "ნაციონალურ მოძრაობაში" ვარ დღიდან მისი დაფუძნებისა, ჩვენ დელისის მეტროსთან არანაირი ოფისი არ გვქონია. ამიტომ თუ რამე გადაწყვეტილება უნდა მიღებულიყო, უნდა მიღებულიყო პარტიული ინფრასტრუქტურის შიგნით. მაგრამ ეს დემონსტრაციული პროცესი, რაც გაიმართა რაღაც სხვა შენობაში, მე ტელევიზიას დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ის ფორმა, ის ადგილი, როგორც მოხდა ეს პროცესი, არაფერ შუაში არ იყო პარტიასთან, ეს იყო კვიპროსის კლუბის საკონსულოში განხორციელებული მანიპულაცია.
ჩვენ იმათ, ვინც ხმა მივეცით ნიკა მელიას, გავაკეთეთ ჩვენი არჩევანი, ჩვენ ვართ იმ პარტიის წარმომადგენლები, წევრები, მომხრეები, ამომრჩევლები, ვისაც 11 წლის განმავლობაში გამოგვიმუშავდა ჩვენი პოლიტიკური გემოვნების დაცვის, დნმ-ის დონეზე გვაქვს გამომუშავებული ხისტი პოზიცია, იცის, რა არის თეთრი, რა არის შავი.
ჩვენ როდესაც უბრალოდ ვიტყვით, რომ ვიკრიბებით სადღაც, მოდის ეს ხალხი. რაც უკვირთ ამ ადამიანებს - კვიპროსის კლუბისთვის ეს გაუგებარია. მათ ჰგონიათ, რომ პარტია იციან, პარტიას არ იცნობენ იმიტომ, რომ ისინი ცხოვრობენ სხვა რეალობაში - ვიღაც პარტიულ ადამიანებს ხვდებიან, მაგრამ იმათ ვინც მათ შეესაბამება, მატერიალური თვალსაზრისით, ბიზნეს კლასში რომ ერთად სხედან, ან უცხოეთში ერთი ლეველის ამბავში რომ ტრიალებენ, მათთან ურთიერთობენ ეს 11 წელი.
ღმერთმა დამიფაროს, რომ მე მივიჩნევდე ახლა, რომ ვინც ჩემს აზრს არ იზიარებს, ის ყველა ცუდია. ეკლექტურობა რომ უნდა იყოს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ გადაწყვეტილების მიმღები ადამიანები, ეს ვიწრო „ტუსოვკა“, ეს კლუბი მიიჩნევს, რომ ჩვენ გავატკაცუნებთ თითს და აქ რაღაც აღსრულდება, ასე ეს პარტია არ მუშაობს, პარტია დგას ფასეულობებზე და კონკრეტულ ადამიანებზე, რომლებიც მიჩვეული არიან თავიანთი მოსაზრების დადგმას,“ - ამბობს ზოდელავა.