ევროინტეგრაციის კომისიის მიერ მიღებული სამოქმედო გეგმა - "ოცნებაში" ამბობენ, რომ დოკუმენტს ჯერ ევროპელ პარტნიორებს გაუზიარებენ
როდის გახდება ცნობილი და რას გულისხმობს ევროინტეგრაციის კომისიის მიერ მიღებული სამოქმედო გეგმა? - ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის თქმით, მთავრობა აღნიშნულ გეგმას ჯერ ევროპელ პარტნიორებს გაუზიარებს.
მმართველი ძალის ლიდერმა დღეს ისევ ოპოზიცია გააკრიტიკა და თქვა, რომ კარგი იქნება, თუ ისინი ევროინტეგრაციის გზაზე ხელისუფლებას დაეხმარებიან, თუმცა თუ ამას არ გააკეთებენ, ხელისუფლებას ხელს მაინც ნუ შეუშლიან.
"ჯერ გავუზიარებთ ევროპელ პარტნიორებს და შემდეგ გაასაჯაროებს მთავრობა. ეს უფრო მთავრობის ნაწილი და მისი უფლებამოსილებაა, რადგან მთავრობასთან არსებულია უწყებათაშორისი კომისია. მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის წარმომადგენლებიც იღებდნენ ამაში მონაწილეობას, უფრო მთავრობის უფლებამოსილებაა და მათი მხრიდან მოხდება გასაჯაროება. ოპოზიციას გულწრფელად შეიძლება ვთხოვოთ, რომ ხელს ნუ შეგვიშლიან და დახმარებას არავინ სთხოვს. ნუ მოახდენენ ამ ყველაფრის საბოტაჟირებას.
მაგალითად, ნუ შეეცდებიან საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის არჩევანის გარუსებას, ლობისტების დაქირავებას იმ მიზნით, რომ ზიანი მიაყენონ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, არა ხელისუფლებას, არამედ საქართველოს.
ნუ შეეცდებიან ამერიკული კანონების რუსულად მოხსენიებას, კაბინეტებში ჩუმად, თუ აშკარადაც კი სირბილს და ხვეწნას, რომ საქართველომ ამ პირობებში, დღევანდელ მოცემულობაში, „ქართული ოცნების“ პირობებში არ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, მომავალში არ გაიხსნას მოლაპარაკებები და ა.შ.
უბრალოდ გაჩერდნენ, ეს დიდი დახმარება იქნება ჩვენთვის. რადიკალური ოპოზიციიდან რომელიმე მათგანი თუ გონს მოეგება, რომ მართლაც ხელისუფლებას დაეხმაროს ამ გზაზე, ამაზე კარგი არაფერი იქნება, თუმცა ამის მოლოდინი ბუნებრივია არ მაქვს", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.