პარლამენტში დღეს განათლების მინისტრს ელოდებიან - ოპოზიცია მწვავე კითხვებისთვის ემზადება

28.11.23 10:38
პარლამენტში დღეს განათლების მინისტრს ელოდებიან - ოპოზიცია მწვავე კითხვებისთვის ემზადება

პარლამენტში დღეს  განათლებისა და მეცნიერების მინისტრს გიორგი ამილახვარს ელოდებიან. ამილახვარი პარლამენტში “მინისტრის საათის” ფორმატში მივა.

მინისტრი უწყების მიერ გაწეული მუშაობის ანგარიშს წარადგენს, რის შემდეგაც დეპუტატების კითხვებს უპასუხებს. კითხვა-პასუხის შემდეგ პარლამენტის ტრიბუნა დეპუტატების პოლიტიკური განცხადებებით გამოსვლებს დაეთმობა.

ოპოზიცია მწვავე კითხვებისთვის ემზადება. სუსის მიერ დანიშნული და გათავისუფლებული დირექტორები, ოდეერები სკოლებში, ტენდერები, სავარუდო კორუფციული გარიგეგებები და უფასო კვება საჯარო სკოლებში - ამ საკითხებზე მოუწევს დღეს განათლების მინისტრს ოპოზიციისთვის პასუხების გაცემა.

განათლების სისტემა ვერ ემსახურება ქართველი ხალხის ინტერესებს და მათ შორის არსებობს ძალიან ბევრი ბავშვი, რომელსაც სკოლაში სიარულის შესაძლებლობა აქვს შეზღუდული მაშინ, როცა განათლების მინისტრი 10 ათასობით ლარს ხარჯავს კერძო სკოლებში საკუთარი შვილების განათლების მიღების უზრუნველსაყოფად. ამაზე გვექნება ძალიან მწვავე შეკითხვები განათლების მინისტრთან. ასევე, იმაზე, რომ განათლების სისტემა ვერ უზრუნველყოფს პროფესიონალების მომზადებას ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც დასაქმდებიან და მოძებნიან შესაბამისი პროფესიით სამსახურს და ეს ხალხი მერე გარბის ჩვენი ქვეყნიდან და საქართველო იცლება ქართველებისგან  რუსული ოცნების მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგად, - ამბობს "ლელოს" წევრი სალომე სამადაშვილი. 

 

მსგავსი სიახლეები