"გამაოგნებელია" - "ყვარლის ევროკლუბის" 4 წლის იუბილეზე ადგილობრივი ხელისუფლებიდან არავინ მივიდა

28.11.23 13:52
"გამაოგნებელია" - "ყვარლის ევროკლუბის" 4 წლის იუბილეზე ადგილობრივი ხელისუფლებიდან არავინ მივიდა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ,,ყვარლის ევროკლუბის” დაარსების 4 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო და  იმ ახალგაზრდებს შეხვდა, რომლებიც ხელმოწერების კამპანიას შეუერთდნენ და კიდევ ერთხელ გამოხატეს საკუთარი მხარდაჭერა ევროპული გზის მიმართ.

სალომე ზურაბიშვილს ადგილობრივმა ხელისუფლებამ ბოიკოტი გამოუცხადა და ღონისძიებას არ დაესწრო. 

"გამაოგნებელია, რომ ადგილობრივი მმართველობა არ მოსულა"  - თქვა ზურაბიშვილმა

სალომე ზურაბიშვილის სიტყვას, ახალგაზრდებთან ერთად, ყვარელში აშშ-ის ელჩიც ისმენდა. 

იმისთვის, რომ ჩვენი მიზანი მიღწეული იყოს, საჭიროა ყველას ჩართულობა. რაც არ უნდა იყოს, მთავრობა, ლიდერები მოდიან-მიდიან და რჩება საზოგადოება და თუ საზოგადოება თავის თავში არის დარწმუნებული, თუ იცის, რეალურად, რა მომავალი უნდა თავისი შვილებისთვის, შემდეგი თაობისთვის, მაშინ ის საზოგადოება მიაღწევს მიზანს.

 ხშირად კითხვას ვსვამთ, როგორ გადავრჩით და როგორ მოვედით დღემდე? - იმიტომ გადავრჩით, რომ ყველა ადგილს ჰქონდა თავისი ძალა, თავისი იდენტობა, თავისი თავდაჯერებულობა...

ის, რომ დღეს აქ ადგილობრივი მმართველობა არ მოსულა სხვადასხვა მიზეზის გამო, ესეც გამაოგნებელია მაშინ, როცა ასეთი საზოგადოება ჩამოვიდა თბილისიდან და პატივს სცემს თქვენს წამოწყებას. თქვენი წამოწყება არის პირველ რიგში ადგილობრივი ინიციატივა, ახალგაზრდების ინიციატივა, სამოქალაქო ჩართულობა, რომლის გარეშე არც ერთი ქვეყანა არ დგას თავის მყარ საფუძველზე. რაც შეგვიძლია თქვენს გვერდით ვიდგებით“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ამერიკის ელჩმა აღნიშნა, რომ სტრატეგიული პარტნიორი საქართველოსთან მუშაობას გააგრძელებს, რომ შესრულდეს ევროკომისიის რეკომენდაციები.

მიუხედავად იმისა, რომ ეს არის მხოლოდ ევროკავშირის გადაწყვეტილება, მე დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველო მიიღებს დადებით გადაწყვეტილებას დეკემბერში. აშშ საქართველოსთან ორმხრივად თანამშრომლობს, თუმცა ჩვენ ვმუშაობთ ერთმანეთთან სხვადასხვა ფორმატში ევროკავშირსა და NATO-სთან ერთად. საქართველომ შეასრულა შესანიშნავი სამუშაო ამ პერიოდის განმავლობაში, თუმცა, როგორც ევროკომისიამ აღნიშნა, მეტია გასაკეთებელი. აშშ გააგრძელებს ევროკავშირთან ერთად მუშაობას, რომ განახორციელოთ ევროკომისიის რეკომენდაციები,“ - ამბობს ამერიკის ელჩი.

მსგავსი სიახლეები