ბოკუჩავა ოცნებას: „ოცნების“ კაცი დეპუტატები ქალი დეპუტატებს თავს ესხმიან - მაინტერესებს, რომელი თქვენგანი იტყვის, რომ ეს ქართული და კაცურია?
„ქართული ოცნების“ კაცი დეპუტატები ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების წინააღმდეგ ძალადობას, სიძულვილის ენას და თავდასხმას არ ერიდებიან - მაინტერესებს, რომელი თქვენგანი იტყვის, რომ ქალის ამგვარი შეურაცხყოფა ან ქართულია, ან ეროვნულია, ან კაცურია, ან ევროპულია ან რაიმე მორალში ან სტანდარტში ჯდება,- ასე მიმართა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ „ქართული ოცნების“ წევრებს.
მისი თქმით, წინა კვირას საქართველოს თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ უკიდურესად ამორალური, უხამსი სიძულვილის ენა გამოიყენა ოპოზიციონერი ქალი დეპუტატის წინააღმდეგ.
ამგვარ თავდასხმას უკვე სისტემატური ხასიათი აქვს, როდესაც „ოცნების“ კაცი დეპუტატები არ ერიდებიან ძალადობას, სიძულვილის ენას და თავდასხმას ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების წინააღმდეგ. ეს არის საქართველოს პარლამენტისთვის უდიდესი სირცხვილი და მათ შორის, ამგვარი ამორალურობა საქართველოს პარლამენტს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც კი, არ უნახავს. სავარაუდოდ, ეს თქვენი ბოლო ჟამისკენ მიანიშნებს. ის, რომ პრაქტიკულად დუმხართ ამ ფაქტებზე, თქვენც, თითოეულ თქვენგანს, ამ პროცესის თანამონაწილეს გხდით. პოზიციონირებთ ხოლმე, როგორც ქართული, ეროვნული, „ქართველობის“ დამცველი პოლიტიკური ძალა და მე მაინტერესებს, რომელი თქვენგანი იტყვის, რომ ქალის ამგვარი შეურაცხყოფა ან ქართულია, ან ეროვნულია, ან კაცურია, ან ევროპულია ან ჯდება რაიმე მორალში ან სტანდარტში? სამარცხვინოა ეს და მეტიც, ეს არის დანაშაულის წახალისება ქვეყანაში, სადაც ქალთა მიმართ ძალადობა ძალიან სერიოზული პრობლემაა. თქვენი ფიზიკური ძალადობა, ბატონო შალვა, ისევე, როგორც ბერაიას სიძულვილის ენა, ისევე, როგორც ლევან მგალობლიშვილის ძალადობა, ეს არის ქალთა წინააღმდეგ ძალადობის პირდაპირი წახალისება, ქვეყანაში, სადაც ეს არის ძალიან მძიმე პრობლემა. იმის მაგივრად, რომ საქართველოს პარლამენტი თავის კანონშემოქმედებითი საქმიანობით ამ პრობლემას აგვარებდეს, თქვენი რიტორიკით, თქვენი საქციელით, თქვენი ქმედებით აღრმავებთ მას. ამასთან, იმით, რომ თვალს ხუჭავთ და თანაზიარი ხდებით იმის, რაც ჩვენ ბერაიას მხრიდან“ მოვისმინეთ“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.