"ეს გზა არ არის მოკლე, არ არის ადვილი, მაგრამ არის ყველაზე დიდი პერსპექტივის მომცემი ამ ქვეყნისთვის" - პრეზიდენტი თელავშია
თელავში პრეზიდენტი ხელმოწერების კამპანიის ,,ჩვენი ხმა ევროპას” ფარგლებში, 15 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებსა და ახალგაზრდებს შეხვდა, შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაცია ,,კახეთის მედიაცენტრი” მასპინძლობდა.
იმედი მაქვს, რომ 15 დეკემბერს დასტურს მივიღებთ და სხვა განზომილებაში გადავალთ. ეს ნიშნავს იმას, რომ კიდევ უფრო მეტი მუშაობა დაგვჭირდება, უფრო მეტი გვექნება გასაკეთებელი. ეს არ იქნება ია-ვარდებით მოფენილი გზა, გზა, რომელიც იწყება დეკემბრის მერე, ეს იქნება ძალიან მომთხოვნი გზა ყველასთვის. ცხადია, ერთის მხრივ ხელმძღვანელობისთვის, მაგრამ ასევე ყოველი მოქალაქისთვის. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ევროკავშირის 27 ქვეყნის ლიდერს, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ნამდვილად ღირსი ვიყავით ამ გადაწყვეტილების რომ გადაწყვეტილებას არ გადახედონ და პირიქით, მოგვცენ ყველა საშუალება, რომ გავაგრძელოთ ეს გზა. ეს გზა არ არის მოკლე, არ არის ადვილი, მაგრამ არის ყველაზე დიდი პერსპექტივის მომცემი ამ ქვეყნისთვის" - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.