ბალტიის ქვეყნები და უკრაინა ეუთოს მინისტერიალს ბოიკოტს უცხადებენ მასზე ლავროვის დასწრების გამო

28.11.23 18:38
ბალტიის ქვეყნები და უკრაინა ეუთოს მინისტერიალს ბოიკოტს უცხადებენ მასზე ლავროვის დასწრების გამო

ბალტიის ქვეყნები ბოიკოტს გამოუცხადებენ სკოპიეში ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს შეხვედრას, რომელსაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი დაესწრება. ამას იუწყება „ინტერფაქს-უკრაინა“ ერთობლივ განცხადებაზე დაყრდნობით, რომელიც ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა.

ჩრდილოეთი მაკედონია NATO-ს წევრი პირველი სახელმწიფოა, სადაც ლავროვი ჩავა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ.

დიდად ვწუხვართ გადაწყვეტილების შესახებ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს მიეცეს სკოპიეში ეუთოს მინისტრთა საბჭოს 30-ე სხდომაზე დასწრების უფლება. რუსეთისთვის ეს კიდევ ერთი შესაძლებლობაა, გაავრცელოს საკუთარი პროპაგანდა... ჩვენ, ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები მონაწილეობას არ მივიღებთ ამაში და არ ვიკისრებთ პასუხისმგებლობას შედეგებისთვის, რომლების ამას მოჰყვება“, - ნათქვამია ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებაში.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ სკოპიეს შეხვედრას ბოიკოტს უცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულებაც. 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი 29 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით მონაწილეობას მიიღებს ეუთოს მინისტრთა საბჭოს 30-ე სხდომაში, რომელსაც ჩრდილოეთ მაკედონია მასპინძლობს“.

ეუთოს წინა მინისტერიალზე, რომელიც 2022 წელს პოლონეთში ჩატარდა, ვარშავამ უარი თქვა ქვეყანაში ლავროვის შეშვებაზე.

მსგავსი სიახლეები