ოპოზიცია საკუთარ თავს უნდა გადაახტეს. ყველამ უნდა შევძლოთ შეუძლებელი - ჯანგირაშვილი
„ჩვენთან პოლიტიკური კლასი არ შეესაბამება საზოგადოების სურვილებს, მოთხოვნებს, გვაქვს კრიზისი ამ თვალსაზრისით - ეს მესახება მე დღეს ერთ-ერთ მთავარ პრობლემად,“ - ეს განცხადება ტელეკომპანია „კავკასიის“ გენერალურმა დირექტორმა ნინო ჯანგირაშვილმა გააკეთა.
ჯანგირაშვილი ამბობს, რომ დღეს პოლიტიკოსები საზოგადოების დაკვეთას არ ასრულებს და რაც მთავარია, ადამიანებს მომავალზე აღარ ესაუბრება.
ცვლილებები გვჭირდება, ეს ვიცით, ძალიან ცალსახად, „ქართული ოცნება“ უნდა შეიცვალოს, პირველ რიგში, სხვანაირად უბრალოდ ცვლილებები არ გამოვა. ეს არის გადამწყვეტი, გეოპოლიტიკური, საბედისწერო არჩევნები ქვეყნისთვის. დღეის მდგომარეობით, არ ჩანს რომ გვაქვს ცვლილებების ენერგია, შესაძლებლობა, სურვილი. საზოგადოებაში არის ამის განწყობა, ამას ვხედავ ყველგან - ქუჩაში, სოციალურ ქსელში, მაგრამ რატომღაც აპათიისკენ მივყავართ იმას, რომ ჩვენთან პოლიტიკური კლასი არ შეესაბამება საზოგადოების სურვილებს, მოთხოვნებს, გვაქვს კრიზისი ამ თვალსაზრისით - ეს მესახება მე დღეს ერთ-ერთ მთავარ პრობლემად.
დღეს სხვა რაღაც გვჭირდება - ოპოზიცია საკუთარ თავს უნდა გადაახტეს, შეუძლებელი უნდა შეძლოს და მთავარი პრობლემა რა არის, რომ მათ არ შეუძლიათ ადამიანებთან კომუნიკაცია. არ ვიცი, რატომ არის ხიდჩატეხილობა, სად გაწყდა, ვფიქრობ, რომ 2020-ის არჩევნების შემდეგ, მათ ისეთი ნაბიჯები გადადგეს, რომ ვერ აუხსნეს ამომრჩეველს - ან ბოიკოტი რატომ დაიწყეს, რატომ შეწყვიტეს, გადაწყვეტილების ჯაჭვს ვეღარ გაუგო ამომრჩეველმა და იქ დაიკარგა კომუნიკაცია, გაწყდა ნდობა, მაგრამ, ძალიან მნიშვნელოვანი 11 თვე დაგვრჩა, ყველამ უნდა შევძლოთ შეუძლებელი“ - ამბობს ჯანგირაშვილი.