ევროპამ დაინახა, რომ ქვეყანას მიათრევდით რუსეთში ცამპა-ცუმპით და მალე კრემლის კურანტებზე გავიღვიძებდით, ამიტომ მოგვცეს სტატუსი - აფაქიძე
„ჩვენ დღემდე საბჭოთა კავშირში ვცხოვრობთ, ჩვენ საბჭოთა კავშირიდან არ გამოვსულვართ. ეს არის მოდერნიზებული ვარიანტი საბჭოთა კავშირის, რომელსაც ივანიშვილმა ნალექს რომ მოხდი, ისე მოხადა და თუკი რამე ნაგავი იყო ქვეყანაში, ყველაფერი ამოყარა ზევით,“ - ეს განცხადება რეჟისორმა ირაკლი აფაქიძემ გააკეთა.
„რეაქციაში“ ირაკლი აფაქიძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა შეძლო უარყოფითი აქტორების გააქტიურება. აფაქიძე კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით სახელისუფლებო გუნდის იმ რიტორიკასაც პასუხობს.
მთელი პროცესი იყო, საიდან დაიწყო გახსოვთ და სად მივიდა, ფინალი სად მივიდა - ფინალი რა მივიღეთ, დღეს ვის ვხედავთ - ეს არის მოხდილი ნაგავი. კარგი კასტინგ მენეჯერი გამოვიდა, არ ვიცი, როგორ იშოვა ფული რუსეთში, დაახლოებით ვხვდები, მაგრამ კასტინგ მენეჯერი მართლა კარგი იქნებოდა ფილმისთვის, ოღონდ ნიშა უნდა გამოუყო, უარყოფითი როლების არჩევისთვის, გენიალურად შეარჩია ხალხი.
ამიტომ ვამბობ, ჩვენ ვართ საბჭოთა კავშირში, დამახინჯებულ, უფრო გაუარესებულ, პათოლოგიურ საბჭოთა კავშირში, აქედან ჩვენ უნდა გამოვიდეთ.
ამ პოლიტიკოსებს, რომლებსაც ვაკრიტიკებთ, უწევთ არანორმალურ, მარაზმატულ რაღაცაში მუშაობა.
უნდა ჩამოვყალიბდეთ, ევროკავშირი გვინდა თუ კრემლის კურანტები გვინდა, ამაზე უნდა შევთანხმდეთ, ეს ზუსტად უნდა ჩამოყალიბდეს ჩვენში და დაკვეთა უნდა მივცეთ პოლიტიკოსს, რომ ეს დაკვეთა გაახმოვანოს.
ზუსტად იმიტომ მოგცეს ეს სტატუსი თქვენ, იმიტომ, რომ თქვენ ხართ რუსული მთავრობა - მთელმა ევროპამ რომ გიყურათ ბოლო 3-4 წელიწადი და ჭკუიდან რომ გადადგნენ თქვენი ნამოქმედარით, ნალაპარაკევით, ქცევებით, რაც იციან, რასაც ხვდებიან და რაც არ იციან, ქვედა დინებები რომ არის, მოსკოვში რას ალაგებთ და როგორ, ზუსტად მაგიტომ მოგვცეს სტატუსი, შეეშინდათ, დაინახეს, რომ ამ პატარა გაუბედურებულ ქვეყანას მიათრევდით რუსეთში, ცამპა-ცუმპით და სულ მალე კრემლის კურანტებზე გავიღვიძებდით და აქ კადიროვის სასტავები დაალაგებდნენ სიტუაციას თბილისში,“ - ამბობს ირაკლი აფაქიძე.