გეგელია: კატეგორიულად მოვუწოდებ მთავრობას, უარი განაცხადონ ლავროვთან ერთად მინისტერიალში მონაწილეობაზე
ხელისუფლება აპირებს დაესწროს მინისტერიალს, სადაც წარმოდგენილი იქნება გინტურის მკვლელი, საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ოკუპანტი, ქართველთმოძულე ლავროვი - ამის შესახებ საგანგებო განცხადება "ლელო-საქართველოსთვის" ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.
"ლელო" მოუწოდებს ხელისუფლებას, ეუთოს მინისტერიალზე, ლავროვთან ერთად მონაწილეობაზე უარი თქვას:
არსებული ინფორმაციით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გეგმავს დაესწროს ეუთოს სხდომას სერგეი ლავროვთან ერთად.
ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტერიალი რამდენიმე დღეში მაკედონიაში გაიმართება. მას ესწრება რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც. პროტესტის ნიშნად, სხდომას ბოიკოტს უცხადებენ უკრაინის, ესტონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრები. მაშინ როდესაც რუსული ოკუპაციის გამოცდილების მქონე ცივილიზებული სახელმწიფოები მკაფიო პოზიციას აფიქსირებენ, ბოიკოტის გამოცხადებას არ აპირებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დარჩიაშვილი.
ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთის სამსახურში მყოფი ხელისუფლება აგრძელებს საქართველოს საგარეო პოლიტიკის და საერთაშორისო რეპუტაციის სპობას.
ეს ხელისუფლება არცერთხელ არ ყოფილა კიევში, არც უშუალოდ ომამდე და არც ომის განმავლობაში. მაგრამ, კარგად გვახსოვს, თუ როგორ ვახშმობდა პუტინთან ერთად ჩინეთში მყოფი ვიცე პრემიერ მინისტრი სულ ცოტა ხნის წინ.
დღეს იგივე ხელისუფლება აპირებს დაესწროს მინისტერიალს, სადაც წარმოდგენილი იქნება გინტურის მკვლელი, საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ოკუპანტი, ქართველთმოძულე ლავროვი.
მოვუწოდებ საგარეო საქმეთა მინისტრს, დარჩიაშვილს, დაუყონებლივ ამცნოს საზოგადოებას აპირებს თუ არა დაესწროს სხდომას ქართველთმოძულე ლავროვან ერთად.
კატეგორიულად მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას მიბაძონ ჩვენი ღირსეული პარტნიორების მაგალითს და უარი განაცხადონ ლავროვთან ერთად მინისტერიალში მონაწილეობაზე! ოკუპანტ ლავროვის გვერდით ჯდომა ღირსების შემლახველია! "- თქვა გეგელიამ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი 29 ნოემბრიდან 1-ელი დეკემბრის ჩათვლით მონაწილეობას მიიღებს ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 30-ე სხდომაში, რომელსაც ჩრდილოეთ მაკედონია მასპინძლობს. უწყების ცნობით, ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში ილია დარჩიაშვილი მონაწილეობას მიიღებს მინისტრთა საბჭოს სესიაში, სადაც სიტყვით მიმართავს მონაწილეებს. ამასთან, ცნობილი ხდება, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის დასწრების გამო რამდენიმე ქვეყანამ პროტესტი გამოთქვა და სხდომას ბოიკოტი გამოუცხადა.