ხელისუფლება სიმულაციური პროცესების გაგრძელებას აპირებს, ჩვენ წყლის ნაყვის დრო ჩვენ არ გვაქვს - სამადაშვილი
რუსული ხელისუფლების წარმომადგენლებთან, რომლებმაც ევროკავშირის მნიშვნელოვანი მოთხოვნები არ შეასრულეს და დღესაც სიმულაციური პროცესების გაგრძელებას აპირებენ, წყლის ნაყვის დრო ჩვენ არ გვაქვს, - ასე ეხმაურება „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი, სალომე სამადაშვილი ევროკავშირის 9 პირობის შესასრულებლად ხელისუფლების მიერ მიღებული სამოქმედო გეგმის და სამუშაო ჯგუფების შექმნის საკითხს.
სამადაშვილის თქმით, "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ სამოქმედო გეგმა დახურულ კარს მიღმა მიიღო, რაც მიუღებელია:
„აბსოლუტურად მიუღებელია დოკუმენტის დახურულ კარს მიღმა მომზადება და შემდეგ განცხადება, რომ თუ გინდათ, მიიღეთ ეს დღის წესრიგი.
ცხადია, არ მაქვს მოლოდინი, რომ ხელისუფლება, რომელმაც ჩააგდო ევროკავშირის ყველა მოთხოვნის შესრულება, ამ ჯერზე რაიმე საინტერესოს შესთავაზებს საზოგადოებას. „ლელომ“ პირველივე დღიდან „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებით, იცოდა, რა ნაბიჯები უნდა გადადგმულიყო ევროკავშირის მოთხოვნების შესასრულებლად. ამ დღის წესრიგის ამსახველი კანონპროექტები გვაქვს დაინიცირებული. მოვუწოდებთ ხელისუფლებას დაიწყოს მათი განხილვა. მოჩვენებითი პროცესის შექმნა, რომელიც დასრულდება იმით, რომ მოთხოვნები ისევ იქნება შეუსრულებელი, ჩვენთვის ნაკლებად საინტერესოა. წყლის ნაყვის დრო, რუსული ხელისუფლების წარმომადგენლებთან, რომლებმაც შეუსრულებელო დატოვეს ევროკავშირის ყველა მნიშვნელოვანი მოთხოვნა და დღესაც აპირებენ სიმულაციური პროცესების გაგრძელებას, ჩვენ არ გვაქვს“, - განაცხადა სამადაშვილმა.
იძებნება "ქართული ოცნების" სამოქმედო გეგმა - ხელისუფლება ამ დრომდე არ ასაჯაროებს ტექსტს, როგორ აპირებს 9 დათქმის შესრულებას. გეგმა ოცნებამ ოპოზიციასთან შეუთანხმებლად დაწერა, დაამტკიცა და ევროკომისიასაც ისე გადაუგზავნა რომ ტექსტი ამ დრომდე ღარიბაშვილი-კობახიძის გარდა არავის უნახავს. ამ ფონზე კი ხელისუფლება ოპონენტებს სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.