"ოცნება" რუსეთთან პოლიტიკურ ფლირტს აგრძელებს - მანჯგალაძე
"ოცნება" რუსეთთან პოლიტიკურ ფლირტს აგრძელებს" - ასე ეხმაურება პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობას ეუთოს მინისტერიალში, რომელსაც ასევე სერგეი ლავროვი დაესწრება.
მისი თქმით, მმართველი პარტიის წარმომადგენლები საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებენ.
"უკომპრომისოა" ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი და ისევ დავითაშვილი გაუშვან სჯობს, რამე კონფლიქტი არ მოხდეს ლავროვთან. რა უნდა ვთქვა ამაზე? - ეს ხალხი, იმის ნაცვლად, ქართული ინტერესის გამტარებლები იყვნენ, რუსეთთან პოლიტიკურ ფლირტს აგრძელებენ, რაც რა თქმა უნდა, საქართველოს ინტერესში არ არის“, - აღნიშნა მანჯგალაძემ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი 29 ნოემბრიდან 1-ელი დეკემბრის ჩათვლით მონაწილეობას მიიღებს ეუთოს მინისტრთა საბჭოს 30-ე სხდომაში, რომელსაც ჩრდილოეთ მაკედონია მასპინძლობს. უწყების ცნობით, ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში ილია დარჩიაშვილი მონაწილეობას მიიღებს მინისტრთა საბჭოს სესიაში, სადაც სიტყვით მიმართავს მონაწილეებს. ამასთან, ცნობილი ხდება, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის დასწრების გამო რამდენიმე ქვეყანამ პროტესტი გამოთქვა და სხდომას ბოიკოტი გამოუცხადა.