უხერხულია, რაც პარლამენტში „თავდაცვის კოდექსთან“ დაკავშირებით ხდება - ხვრელები ახლა რატომ აღმოაჩინეთ?! - ელისაშვილი
უხერხულია ის, რაც პარლამენტში „თავდაცვის კოდექსთან“ დაკავშირებით ხდება - ხვრელები მანამდე რატომ არ ჩანდა და ახლა რატომ აღმოაჩინეთ?! - ამის შესახებ "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
ელისაშვილმა თავდაცვის მინისტრის მოადგილეს გრიგოლ გიორგაძეს კითხვით მიმართა, რამდენად სერიოზულად წარმოაჩენს თავდაცვის სამინისტროს და პარლამენტს მთელი ეს ამბავი?!
„თავდაცვის კოდექსის“ პროექტზე რამდენიმე წლის განმავლობაში ვმუშაობდით და რამდენიმეწლიანი მუშაობის შემდეგ, ორი თვის წინ - სექტემბერში მივიღეთ. მივიღეთ თუ არა კოდექსი, მაშინვე დაიწყო მასში ცვლილებების შეტანა. რამდენად სერიოზულად წარმოაჩენს თავდაცვის სამინისტროს და პარლამენტს მთელი ეს ამბავი?! რამდენი წელი ვშრომობდით, „თავდაცვის კოდექსი“ ორი თვის წინ მივიღეთ და უკვე მეორედ შედის მასში ცვლილება. ეს ხვრელები მანამდე რატომ არ ჩანდა და ახლა რატომ აღმოაჩინეთ?! უხერხულია ის, რაც პარლამენტში „თავდაცვის კოდექსთან“ დაკავშირებით ხდება“ - მიმართა ელისაშვილმა თავდაცვის მინისტრის მოადგილეს გრიგოლ გიორგაძეს.
ერთი თვის წინ მიღებულ თავდაცვის კოდექსში "ქართულ ოცნებას" ცვლილებები დაჩქარებული წესით შეაქვს. ახალი პროექტით სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების საფუძვლები მცირდება. ჯარში გაწვევაზე უარი თქმის უფლება არც იმ სტუდენტებს შეეძლებათ, რომლებიც უცხოურ უნივერსიტეტებში დისტანციურად სწავლობენ. გადავადების საფუძვლად ვერც სასამართლოში შეტანილი სარჩელი ჩაითვლება.