“ჩვენი ამოცანაა, არაკეთილსინდისიერ ადამიანებს ჯარისგან თავის არიდების საშუალება არ მივცეთ" - გიორგაძე

29.11.23 14:28
“ჩვენი ამოცანაა, არაკეთილსინდისიერ ადამიანებს ჯარისგან თავის არიდების საშუალება არ მივცეთ" - გიორგაძე

“ჩვენი ამოცანაა, არაკეთილსინდისიერ ადამიანებს ჯარისგან თავის არიდების საშუალება არ მივცეთ"  - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ  პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ონლაინ სტუდენტებისთვის სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის ხუთი ალტერნატივა იქნება შეთავაზებული.

“ჩვენი ამოცანაა, რომ არაკეთილსინდისიერ ადამიანებს ჯარისგან თავის არიდების საშუალება არ მივცეთ და მეორეს მხრივ, განათლების მიღების უფლების რეალიზება მოხდეს. ონლაინ სტუდენტებისთვის სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის ხუთი ალტერნატივა იქნება შეთავაზებული.

2025 წლიდან წვევამდელები მხოლოდ თავდაცვის უწყებაში გაიწვევიან და ნატო-ს სტანდარტების შესაბამისად მომზადდებიან. არის 6-თვიანი, 8-თვიანი და 11-თვიანი მომზადების ვადა. ონლაინ სტუდენტებს 2025 წლიდან ეს ვარიაცია შეეთავაზებათ.

ონლაინ სტუდენტებს ასევე სტუდენტების სამხედრო მომზადების პროგრამას ვთავაზობთ, რაც წელიწადში ერთხელ, ერთი თვით სამხედრო მომზადების პროგრამის გავლას გულისხმობს, რაც თავსებადია სწავლებასთან. გარდა ამისა, ალტერნატივად არის შეთავაზება რეზერვის ოფიცრის მომზადების პროგრამა - ეს არის უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისთვის უქმე დღეების ხარჯზე შედგენილი 4-წლიანი პროგრამა.

გარდა ამისა, არსებობს აქტიური რეზერვის მიმართულება, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია 4 წლის განმავლობაში, წელიწადში 45 დღე შეკრება, რაც უქმეების ხარჯზე მოხდება და ხელფასის მიღება. თუ სამ წელს შეასრულებენ სამხედრო სავალდებულო სამსახური შესრულებულად ჩაეთვლებათ“, - განაცხადა გიორგაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ერთი თვის წინ მიღებულ თავდაცვის კოდექსში "ქართულ ოცნებას" ცვლილებები დაჩქარებული წესით შეაქვს. ახალი პროექტით სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების საფუძვლები მცირდება. ჯარში გაწვევაზე უარი თქმის უფლება არც იმ სტუდენტებს შეეძლებათ, რომლებიც უცხოურ უნივერსიტეტებში დისტანციურად სწავლობენ. გადავადების საფუძვლად ვერც სასამართლოში შეტანილი სარჩელი ჩაითვლება.  

მსგავსი სიახლეები