თან ვარჯიში და თან სწავლა - გიორგაძე სტუდენტებისთვის სამხედრო სამსახურის გავლაზე
თან ვარჯიში და თან სწავლა - ასე უპასუხა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ კითხვას, როგორ მოახერხებენ სტუდენტები, მათ შორის საზღვარგარეთ მყოფი სტუდენტები სამხედრო სამსახურის გავლას საქართველოში. გრიგოლ გიორგაძე ირწმუნება, რომ სტუდენტებს სამინისტრო ტექნიკურად უზრუნველყოფს, რომ მათ ჯარის პარალელურად სწავლაში ხელი არ შეეშალოთ.
ჩვენთვის ასევე პრიორიტეტია განათლება თავდაცვის ძალებში და რაც შეიძლება მეტი განათლებული სამხედრო. მოგეხსენებათ, მხოლოდ ფიზიკური მომზადება არ არის საკმარისი თავდაცვის ძალებისთვის. ამიტომ, პირიქით, ჩვენ ხელს ვუწყობთ და ვახალისებთ განათლების მიღებას. ასევე სხვადასხვა შესაძლებლობას ვაძლევთ, მათ შორის საზღვარგარეთ სწავლის. მეტი განათლებული სამხედრო გვჭირდება. თუ მოქმედ სამხედროებს საშუალებას ვაძლევთ დასწრებულად ისწავლონ, როგორ შეიძლება პრობლემა იყოს დისტანციურად სწავლებაზე მყოფი სტუდენტი იყოს ჩვენს ბაზაზე და მას ამის შესაძლებლობა არ მივცეთ. ამის პრობლემა არ იქნება, თუ ის აირჩევს ამ გზას. თუმცა შეუძლია ყველაზე მსუბუქი არჩევანი, სპეციალურად სტუდენტებისთვის შერჩეული პროგრამა, ზაფხულობით ერთი თვე 4 წლის განმავლობაში. ან ორწლიანი რეზერვის ოფიცრის პროგრამა. უამრავი ალტერნატივა არის და ჩვენ აქ დისკრიმინაციას ვერ ვხედავთ და არც დავუშვებდით. და აქვე არის პასუხი თეონა აქუბარდიას კითხვაზე, თან ვარჯიში და თან სწავლა". - განაცხადა გიორგაძემ.
ერთი თვის წინ მიღებულ თავდაცვის კოდექსში "ქართულ ოცნებას" ცვლილებები დაჩქარებული წესით შეაქვს. ახალი პროექტით სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების საფუძვლები მცირდება. ჯარში გაწვევაზე უარი თქმის უფლება არც იმ სტუდენტებს შეეძლებათ, რომლებიც უცხოურ უნივერსიტეტებში დისტანციურად სწავლობენ. გადავადების საფუძვლად ვერც სასამართლოში შეტანილი სარჩელი ჩაითვლება.