ემიგრანტების მონაწილეობა არჩევნებში - "ლელო" პრეზიდენტის ინიციატივას მხარს უჭერს
ემიგრანტების ჩართვა საარჩევნო პროცესში - პრეზიდენტის ინიციატივას პარტია "ლელო" მხარს უჭერს. როგორც პარტიის გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, პარტია მზად არის ემიგრაციაში მყოფი საქართველოს მოქალაქეებს საკუთარი უფლებების დაცვაში დაეხმაროს და მოითხოვოს მათ ქალაქებში საარჩევნო ყუთების მიტანა.
"ლელო" ეხმიანება საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას და განცხადებას - საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც იმყოფებიან საზღვარგარეთ მაქსიმალურად ყველა შესაძლებლობის ფარგლებში ჩაერთონ საარჩევნო პროცესში. ქართული ოცნების და ივანიშვილის მიზანი წლების განმავლობაში იყო, რომ იაფი ავიაბილეთებით საქართველოს მოქალაქეები გაეძევებინათ ამ ქვეყნიდან სიღარიბის, კორუფციის, ნეპოტიზმის, ძალადობის ფონზე და შემდეგ ეს ადამიანები გაექროთ, ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“, საქართველოს პოლიტიკური სივრციდან. მოქალაქის ერთ-ერთი მთავარი, მნიშვნელოვანი უფლებაა, მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში და განსაზღვროს საკუთარი ქვეყნის, სამშობლოს მომავალი, ხელისუფალი და განსაზღვროს ის დღის წესრიგი, რითიც უნდა ხელმძღვანელობდნენ ხელისუფლებები. სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“, რომელიც კრემლის ინტერესებს ემსახურება, შეუზღუდა საქართველოს მილიონზე ბევრად მეტ მოქალაქეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება.
"ლელო" მხარს უჭერს სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას - წლების განმავლობაში, 2020 წლიდან დღემდე ვმუშაობთ ემიგრაციასთან, სულ ახლახან დასრულდა შეხვედრები აშშ-ში. ლელოს პარტიის თავმჯდომარე ამჟამად იმყოფება დიდ ბრიტანეთში, სადაც მართავს შეხვედრებს ქართულ ემიგრაციასთან და ჩვენ ვიქნებით აქტიურად ჩართული ემიგრაციისთვის ხმის მიცემის მინიჭების უფლებისთვის, რასაც ართმევს ქართული ოცნება ყოველდღიურად.
მოგიწოდებთ ემიგრაციას, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, დაგვიკავშირდეთ, შეგვეხმიანოთ, გამოგვიგზავნოთ წერტილი, ნებისმიერი სახის კომუნიკაცია იქნება საკმარისი იმისთვის, რომ „ლელომ“ იბრძოლოს თქვენს უბანში, თქვენს ქალაქში, დასახლებაში, საქართველოს ფარგლებს მიღმა გაჩნდეს საარჩევნო უბანი, საარჩევნო ურნა, სადაც გექნებათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოთ არჩევნებში და განკარგოთ თქვენი ქვეყნის ბედი ისე, რომ ამ ქვეყანას არ გართმევდეთ „ქართული ოცნება“ და ივანიშვილი, რომლებიც კრემლის სამსახურში დგანან. ამ საქმეში „ლელო“ იქნება ერთ-ერთი პირველი, რომელიც დაიცავს თქვენს ინტერესებს და „ლელო“ შეძლებს იმას, რომ თქვენს დასახლებებში და ქალაქებში გაჩნდეს საარჩევნო უბნები,“ - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.