"გინტურის მკვლელობა ეთნიკური ქართველების მიმართ ძალადობის კიდევ ერთი აქტია" - რა თქვა დარჩიაშვილმა ეუთოს მინისტერიალზე
"რუსეთის ომი საქართველოს წინააღმდეგ, ცივი ომის შემდეგ, სუვერენული სახელმწიფოს საზღვრების იძულებით შეცვლის პირველი ღია მცდელობა იყო," - ამ სიტყვებით მიმართა ეუთოს მინისტერიალს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ილია დარჩიაშვილის სიტყვით გამოსვლის დროს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი დარბაზში აღარ იმყოფებოდა. მინისტრმა დარჩიაშვილმა სიტყვით გამოსვლის დროს რუსეთის ოკუპაციაზე ისაუბრა და მინისტერიალის მონაწილეებს თამაზ გინტურის მკვლელობა შეახსენა.
უკვე 15 წელზე მეტია, რუსეთი აგრძელებს საქართველოს განუყოფელი რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის უკანონო ოკუპაციას საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების უხეში დარღვევით. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევის მსხვერპლია. მავთულხლართებით იზოლირებულებულ მოსახლეობას აშორებენ ნათესავებს, სასოფლო-სამეურნეო მიწებს, ღვთისმსახურებას, ართმევენ გადაადგილების თავისუფლებას, ძირითად საჭიროებებს. დამკვიდრებულ პრაქტიკად იქცა უკანონო დაკავებები და გატაცებები, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს. რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქის, თამაზ გინტურის ბოლო მკვლელობა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან კიდევ ერთი ძალადობის აქტია ეთნიკური ქართველების მიმართ," - განაცხადა დარჩიაშვილმა.