"ოცნება" ზურაბიშვილში პოლიტიკურ კონკურენტს ხედავს
პოლიტიკური ეჭვიანობით შეპყრობილი "ქართული ოცნება" სალომე ზურაბიშვილში პოლიტიკურ კონკურენტს ხედავს. პრეზიდენტის ყველა მოქმედებას მმართველი პარტია უკვე საარჩევნო სვლას უკავშირებს და ამიტომ მის დისკრედიტაციას სულ სხვა მასშტაბი მისცეს. დააკნინეს ხელმოწერების კამპანია, რომელიც ზურაბიშვილმა ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად წამოიწყო. პრეზიდენტი ოპოზიციის ლიდერად გამოაცხადეს და ისე, რომ თავად ზურაბიშვილი არაფერს ამბობს, პოლიტიკური მომავალიც კი განუსაზღვრეს.
პრეზიდენტის გააქტიურება "ოცნებას" მშვიდად ყოფნის საშუალებას არ აძლევს. ფაქტია, რომ სალომე ზურაბიშვილის პროევროპულმა კამპანიამ საზოგადოებაში დიდი მხარდაჭერა დაიმსახურა და ეს, სავარაუდოდ, ყველაფერი არ არის. ვინც ზურაბიშვილს კარგად იცნობს, აანონსებს, რომ ივანიშვილის გუნდი მისგან წინასაარჩევნოდ ბევრ პოლიტიკურ სიურპრიზს უნდა ელოდოს. ზურაბიშვილმა კარგად იცის, რაზე გადის არჩევნებში "ოცნების" გამარჯვების გზა. ამიტომ ითხოვს, რომ მონაწილეობა არჩევნებში ყველა ემიგრანტმა მიიღოს და არა მხოლოდ "ოცნების" ამომრჩეველმა.