საქართველო სტატუსის მოლოდინში - რა წერია EU-ს განსახილველ პროექტში

01.12.23 11:40
საქართველო სტატუსის მოლოდინში - რა წერია EU-ს განსახილველ პროექტში

15 დღე კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე - ევროპული საბჭოს გაფართოების პროექტში, რომელიც "რადიო თავისუფლებამ" გამოაქვეყნა, ჯერ კიდევ ღიადაა დარჩენილი საქართველოს საკითხი.

ევროპულ საბჭოს ისევ არ აქვს მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება, გახდება თუ არა საქართველო კანდიდატის სტატუსის მფლობელი ქვეყანა. ეს ყველაფერი კარგად იკითხება ევროპული საბჭოს განსახილველ დოკუმენტში. აქცენტი ისევ ცხრა პირობა და რეფორმების შესრულებაა. დეოლიგაქრიზაცია, დეპოლარიზაცია და ევროკავშირის პოლიტიკასთან შესაბამისობა. 

საბჭო მოუწოდებს საქართველოს, „აჩვენოს მკაფიო ერთგულება ევროკავშირის ფასეულობების მიმართ, გააგრძელოს დღის წესრიგით გათვალისწინებული რეფორმები და შეასრულოს ევროკომისიის მიერ განსაზღვრული პირობები ინკლუზიურად, გააზრებულად და შეუქცევადად იმისთვის, რომ წინ წაიწიოს ევროკავშირში სამომავლო წევრობისკენ“.

დოკუმენტის თანახმად, საბჭო მხედველობაში იღებს ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობის გულწრფელ სწრაფვას ევროკავშირის წევრობისკენ.

საქართველოს შემთხვევაში საბჭო განსაკუთრებით გამოყოფს და მიესალმება:

მთლიანობაში კარგ საკანონმდებლო ჩარჩოს,
ინსტიტუციურ მოწყობას,
აქტიურ სამოქალაქო საზოგადოებას, სამეთვალყურეო ორგანიზაციების ჩათვლით.
ტექსტში ხაზგასმულია, რომ „ეს ელემენტები საქართველოსთვის უზრუნველყოფენ მტკიცე საყრდენს დემოკრატიული და კანონის უზენაესობის რეფორმების წინ წასაწევად“.

ტექსტის პროექტის მიხედვით, საბჭო შეახსენებს საქართველოს აღებულ ვალდებულებას, რომ სამოქალაქო საზოგადოებას „გარანტირებულად ექნება თავისუფლად მუშაობისა და აქტიური, ინკლუზიური და გააზრებული ჩართულობის შესაძლებლობა პოლიტიკის შემუშავების პროცესში“.

ასევე მითითებულია, რომ „საბჭო მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს საქართველოში - აჩვენოს კონსტრუქციული თანამშრომლობა და დიალოგი, გადალახოს პოლარიზაცია და თავი შეიკავოს ქმედებებისგან, რომლებმაც შესაძლოა უფრო გააღრმაოს პოლიტიკური დაძაბულობა და შეაფერხოს ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტები და რეფორმების დღის წესრიგი".

პროექტის თანახმად, ევროპული საბჭო ხაზს უსვამს „დეზინფორმაციასთან, უცხო ქვეყნების საინფორმაციო მანიპულაციასთან და ევროკავშირის, მისი ფასეულობების წინააღმდეგ ჩარევასთან“ ბრძოლის მნიშვნელობას და მოუწოდებს საქართველოს „გადადგას გააზრებული ნაბიჯები“ ამ მიმართულებით.

საბჭო ხაზს უსვამს „ძლიერ მოლოდინს“, რომ საქართველო „არსებითად გაზრდის თავსებადობას ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის პოზიციებთან“ და „შემზღუდველ ზომებთან, მათ შორის - სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებთან შესაბამისად“.

საბჭო ასევე მოუწოდებს საქართველოს, „უზრუნველყოს თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული საარჩევნო პროცესი 2024 წელს და სრულად შეასრულოს OSCE/ODIHR-ისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, წინა არჩევნებიდან“.

საბჭო კვლავ აცხადებს, რომ „საქართველომ სრულად უნდა სცეს პატივი ფუნდამენტურ უფლებებს“:

მედიის თავისუფლებისა და პლურალიზმის ჩათვლით;
აზრის, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებას;
დაიცვას LGBTI პირები დაშინებისგან და ასევე ძალადობისა და დისკრიმინაციისგან.
სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა
საბჭო კვლავ აცხადებს, რომ „მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისო დონეზე აღიარებულ საზღვრებში“.

ხაზი ესმება ასევე, რომ ევროკავშირი კვლავ რჩება „კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებისა და ასევე არაღიარებისა და ჩართულობის თავისი პოლიტიკის მტკიცე მომხრედ, მათ შორის - ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ყოფნით საქართველოში“.

 

მსგავსი სიახლეები