სასამართლოს კლანი ამერიკისგან ბოდიშს ელოდება

01.12.23 12:55
სასამართლოს კლანი ამერიკისგან ბოდიშს ელოდება

სასამართლოს კლანი ამერიკისგან ბოდიშს ელოდება. მობოდიშებას იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე ითხოვს. მისთვის მიუღებელია ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის სანქცირება.

როგორც ქადაგიძე ჟურნალისტებთან ამბობს, მოხდა სასამართლო სისტემისა და მოსამართლეების დემონიზება და ყველა ამ მთავარმა აქტორმა მოსამართლეებს ბოდიში უნდა მოუხადოს. 

ნინო ქადაგიძე ამტკიცებს, რომ სასამართლო პოლიტიზებული არ არის და ამბობს, რომ ამის გარანტი თვითონ იქნება.

იმ საქმეზე, რომლის გარშემოც ატეხილი იყო აჟიოტაჟი და რომლის საფუძველზეც მოხდა ქართული მართლმსაჯულების და ქართველი მოსამართლეების დემონიზირება - ყველა ამ საქმემ გაიარა უმაღლესი სამართლებრივი კონტროლი ევროსასამართლოში - ყველა ეს საქმე დამთავრდა საქართველოს სასარგებლოდ.

ამიტომ როცა სასამართლო სისტემა და მათ შორის მეც, როგორც რიგითი მოსამართლე, მივიღებ ბოდიშს იმ საზოგადოებისგან, ვინც ეს ტალღა ააგორა. ამის შემდეგ იქნება პასუხი იმ კითხვაზე - არის თუ არა 100 პროცენტით მართალი ქართველი მოსამართლე, როდესაც მის სანქცირებაზე ხდება საუბარი.

(ჟურნალისტის კითხვა: ბოდიშს თქვენ ამერიკისგან ელოდებით?) ნებისმიერი იმ პირისგან, ვისგანაც ეს დემონიზირება წამოვიდა.

ეს არის ძალიან მარტივი გათვლა, რომ მოახდინონ ემოციური მობილიზება საზოგადოების სასამართლოს წინააღმდეგ. 

დემონიზება რას მოჰყვა? - გარკვეულ საქმეებს, რომლითაც იყო მცდელობა პოლიტიკა შემოტანილიყო სასამართლოში, სასამართლოში პოლიტიკა ვერ შემოვა, ყოველ შემთხვევაში, სანამ მე ვარ თავმჯდომარე, გაძლევთ პირობას, რომ ვერცერთ ეტაპზე პოლიტიკა სასამართლოში ვერ შემოვა,“ - ამბობს ქადაგიძე.
 

გარდა ამისა, ნინო ქადაგიძე ამტკიცებს, რომ სასამართლოში კორუფცია არ არის და ამბობს, რომ ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობს.  

მსგავსი სიახლეები