ნინო ქადაგიძე: ვერავისგან მივიღებ მითითებას, რომ ქართულ მართლმსაჯულებაში არის კორუფცია

01.12.23 12:36
ნინო ქადაგიძე: ვერავისგან მივიღებ მითითებას, რომ ქართულ მართლმსაჯულებაში არის კორუფცია

"ვერანაირად ვერ მივიღებ ვერავისგან, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს, მითითებას იმის თაობაზე, რომ ქართულ მართლმსაჯულებაში არის კორუფცია," - ეს განცხადება იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო ქადაგიძემ გააკეთა.

ქადაგიძე კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის შესახებ კონფერენციას ესწრება, სადაც მთავარ გამოწვევად სწორედ სასამართლო სისტემაში კორუფციის არსებობა სახელდება. 

ქადაგიძე ამტკიცებს, რომ კორუფციის დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება არ არსებობს. გარდა ამისა, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ამბობს, სასამართლოში კვალიფიკაციის შემოწმება "ძალიან მკაცრად" ხდება და ბოლო პერიოდში ყველა გასაუბრება "ღიად და საჯაროდ" ჩატარდა.

ჩვენ არ გვაქვს არცერთი მტკიცებულება და ვერანაირად ვერ მივიღებ ვერავისგან, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს, მითითებას იმის თაობაზე, რომ ქართულ მართლმსაჯულებაში არის კორუფცია. ქართული მართლმსაჯულება სრულად დაცლილია კორუფციისგან და ეს არის ყველაზე დიდი მიღწევა ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მართლმსაჯულების სისტემის.

სასამართლოში შემოსვლა არ არის მარტივი, გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან მკაცრად ხდება იმ კვალიფიკაციის შემოწმება და იმ სტანდარტების შესაბამისობის დადგენა, რომელსაც თითოეული მოსამართლე უნდა აკმაყოფილებდეს. აქედან გამომდინარე, ყველა გასაუბრება, ბოლო პერიოდში, ჩატარდა ღიად და საჯაროდ და თქვენ თუ დამისახელებთ რომელიმე პირს, რომელიც ამ მოთხოვნებს აკმაყოფილებდა და სასამართლო სისტემაში არ იქნა დაშვებული, მაშინ თქვენს წინაშე და საზოგადოების წინაშე მოვიხდი ბოდიშს," - ამბობს ქადაგიძე. 

დილიდან თბილისში კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის შესახებ კონფერენცია იმართება. სისტემა ჩაკეტილია, კლანის გავლენები კი იზრდება. ამ სიტყვებს ისმენს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯომარე ნინო ქადაგიძეც. კონფერენციას ესწრება ომბუდსმენიც, რომელიც ვერ პასუხობს ჟურნალისტების კითხვას - არის თუ არა კლანი მთავარი გამოწვევა მართლმსაჯულებისთვის

მსგავსი სიახლეები