"კრიზისის განმუხტვა პრაქტიკულად გამორიცხულია" - რას ამბობენ ენმ-ის ის წევრები, ვინც თავმჯდომარის პოზიციის გაუქმებას ემხრობიან
არჩევნებამდე გაუქმდეს თავმჯდომარის პოზიცია და შეიქმნას დროებითი მმართველი ორგანო - თბილისის საკრებულოს ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" წევრები კრიზისიდან გამოსავალს თავმჯდომარის პოზიციის გაუქმებაში ხედავენ.
ენმ-ში კრიზისი დაიწყო არა ლევან ხაბეიშვილის არჩევით, არამედ იმ უსამართლო გადაწყვეტილებით, რომელიც უკავშირდებოდა პოლიტსაბჭოს უსამართლოდ დათხოვნას და მერე აბსოლუტურად გაუგებარი წესით მის დაკომპლექტებას. ყოველი მომდევნო ნაბიჯი, რომელიც ლევან ხაბეიშვილმა, როგორც პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ გადადგა ამ პარტიაში, გააღრმავა ყოველმა მომდევნო ნაბიჯმა კრიზისი. ყოველი მომდევნო ნაბიჯი, არის მოლოდინი, რომ იქნება უარესი - გახლეჩვაზე, დაპირისპირებაზე მიმართული. ჩვენ ვთავაზობთ ერთიანობის გეგმას და ხედვას,“ - ამბობს ანა გოგოლაძე.
ის იყო ძალიან კარგი ანტიკორუფციონერი, ძალიან კარგი აქტივისტი, დაუბრუნდეს იმ პოზიციას, სადაც ის გრძნობდა, როგორც თევზი წყალში. დღეს მას მხოლოდ ნგრევა, დაშლა, დაპირისპირება და მსგავსი ურთიერთობები მოაქვს პარტიაში, რაც აზიანებს ჩვენს საერთო ინტერესს. არანაირი სურვილს ეს ადამიანები კომუნიკაციისას არ გამოთქვამენ, თორემ ამ შემთხვევაში, შეიძლებოდა კრიზისი დაძლევაზე თავის დროზე საუბარი, დღეს უკვე ამაზეც ზედმეტია საუბარი - დღეს კრიზისის განმუხტვა პრაქტიკულად გამორიცხულია, სანამ ლევან ხაბეიშვილი იქნება იმ თანამდებობაზე, რომელზეც არის, აქ საუბარი არ არის მისი პარტიიდან წასვლაზე,“ - ამბობს ზვიად კუპრავა.