პატიმრის ოჯახისთვის თითქოსდა მისი გათავისუფლების სანაცვლოდ, მოტყუებით 10 000 ლარის გამორთმევის საქმეზე ორი პირი დააკავეს
საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინა.
უწყების ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე, ბრალდებულის გათავისუფლების სანაცვლოდ ოჯახის წევრს მოტყუებით 10 000 ლარი გამოართვეს. პროკურატურა გ.რ.-ს და გ.კ.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, გორის რაიონულ სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ გ.რ.-მ და გ.კ.-მ ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულის - გ.ზ.-ს ოჯახის წევრს, თითქოსდა მისი გათავისუფლების და შემდგომში შეღავათების გავრცელების სანაცვლოდ, მოტყუებით 10 000 ლარი გამოართვეს.
შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა ორივე ბრალდებული დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას ან ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს," - წერია განცხადებაში.