რეპრესიები ჯარში - თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თანამშრომლები სისტემას ამხელენ

02.12.23 21:24
რეპრესიები ჯარში  - თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თანამშრომლები სისტემას ამხელენ

"მელაძის შაბათის" ხმაურიანი ჟურნალისტური გამოძიება - თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი ხელმძღვანელ პირებს რეპრესიებში ამხელს. 

"ვერავინ ვერაფერს ამბობს, სამინისტროში შიშმა დაისადგურა,  ეს აღარ არის სამინისტრო, ეს არის ბურჭულაძის კანტორა"- ამბობს "შაბათის ეთერთან" ანონიმური წყარო.

მისი თქმით, ვინც სისტემის შიგნით ფულის კეთებასა და უკანონობაზე ხმის ამოღება გაბედა, სისტემიდან გაუშვეს და სამაგალითოდ დასაჯეს. 

თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი, "შაბათის ეთერთან" ამბობს, რომ ძალოვან უწყებაში წმენდა, მინისტრის პირადი მითითებით, დაიწყო - გაყარეს ხალხი, ვინც ჯარის საკვებს ამოწმებდა და უვარგისი პროდუქტის შეტანის გამო დაწუნების აქტები დაწერა.

"შაბათის ეთერისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში, ძალოვანი უწყების მოქმედი თანამშრომელი, ამბობს, რომ კვება ერთადერთი შავი ხვრელი არ არის. საეჭვო გარიგებებია დადებული, ჯარისკაცებისთვის ტანსაცმლის და ყაზარმებისთვის საჭირო თეთრეულის შეძენის დროსაც.

ჯუანშერ ბურჭულაძე ირაკლი ღარიბაშვილის მოადგილე იყო. პრემიერად დანიშვნის შემდეგ, უწყება ღარიბაშვილმა სწორედ მას ჩააბარა - ორივეს ბიძინა ივანიშვილის ბანკიდან მოვიდა და ქართუში მუშაობის წლები აკავშირებთ. ბურჭულაძემ მოადგილედ ზურაბ აზარაშვილი დანიშნა. აზარაშვილი ახლა ჯანდაცვის მინისტრია, მაგრამ, მანამდე სახელმწიფო საწარმო დელტას დირექტორი იყო.

თავდაცვის სამინისტრო ჯარისკაცების ამუნიციას,  სწორედ "დელტა ტექსტილს"უკვეთავს. საუბარია, სამხედროების მაისურებზე, საწვიმრებზე, ფეხსაცმელსა და ზურგჩანთებზე.

"შაბათის ეთერის" რესპონდენტი, რომლის ხელშიც არაერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი გადის, ამტკიცებს, რომ სამინისტრო ჯარისკაცის მაისურში 4 ლარსა 80 თეთრს იხდიდა, ახლა კი დელტა ტექსტილისგან 18 ლარად ყიდულობს. 28 ლარიან საწვიმარში კი 89 ლარს იხდის. თუმცა მისივე მტკიცებით, ფასის ზრდა ხარისხის ხარჯზე არ მომხდარა. რესპონდენტი, რომელსაც "დელტს" პროდუქციასთან პირდაპირი შეხება ჰქონდა, ირწმუნება, რომ პროდუქცია იმაზე უარესია, ვიდრე იყო.

ჯარისთვის ხუთჯერ გაძვირებულ, უვარგის საქონელს რომ ყიდულობდნენ, ეს დასკვნა სამინისტროს ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის შესაბამის განყოფილებას უნდა დაედო. ისინი ადგენდნენ, აკმაყოფილებდა თუ არა შეძენილი პროდუქცია წინასწარ გაწერილ მოთხოვნებს. ამის გაკეთება, მთავარ სპეციალისტს, დალი ჭელიძეს ევალებოდა. დალი ჭელიძემ "დელტა ტექსტილში" შეკერილი ტანსაცმელი და თეთრეული დაიწუნა და შესაბამისი აქტიც შეადგინა. წუნდების აქტის გამო ჭელიძეც სამსახურიდან გამოუშვეს.

დალი ჭელიძემ თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ დაწყებული სასამართლო დავა სამივე ინსტანციაში მოიგო. 1 ოქტომბრიდან სამსახურში აღდგენას ელოდება, თუმცა ბურჭულაძის უწყება დროს მაქსიმალურად აჭიანურებს.

"დელტა ტექსტილი", რომლის გამოც, თავდაცვის სამინისტროში მუშაობის 16 წლიანი სტაჟის მქონე მთავარი სპეციალისტი დაითხოვეს, ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრობისას შეიქმნა. "დელტა ტექსტილი" 100% სახელმწიფო სიპია.

გარდა ამისა, "შაბათის ეთერს" უყვებიან, რომ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები, ვინც რუსული კანონის წინააღმდეგ ხმა ამოიღო და ქუჩაში გამოსული ხალხის გვერდით დადგა, სამსახურებიდან გამოუშვეს. 

გაბერეს თუ არა ფასები და ყიდულობენ თუ არა ჯარისთვის დაბალი ხარისხის სამოსსა და თეთრეულს იმაზე უფრო ძვირად, ვიდრე მისი რეალური ღირებულებაა - ნახეთ მაკა ჩიხლაძის ჟურნალისტური გამოძიება

მსგავსი სიახლეები