დამპალი ხორცი და მატლებდასეული თევზი ჯარში - ოპოზიცია თავდაცვის მინისტრს პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას ურჩევს

04.12.23 13:21
დამპალი ხორცი და მატლებდასეული თევზი ჯარში - ოპოზიცია თავდაცვის მინისტრს პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას ურჩევს

დამპალი ხორცი და მატლებდასეული თევზი ჯარის სასადილოებში - ოპოზიცია გამოძიების დაწყებას და თავდაცვის მინისტრის მხრიდან პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას ითხოვს. ხელისუფლების ოპონენტები გასაიდუმლოებული დოკუმენტების გასაჯაროებას ითხოვენ და ამბობენ, რომ გამოძიება ამ ფაქტით უნდა დაინტერესდეს. 

"ლელოს" დეპუტატი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ თავდაცვის მინისტრის მიმართ თანამდებობის ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებით ინფორმაცია პირველად არ ვრცელდება.

თანამდებობის ბოროტად გამოყენება ფინანსური მოგების თვალსაზრისით არაერთხელ იქნა გაჟღერებული ამ მინისტრის საქმიანობასთან დაკავშირებით, როგორც მთავარი პრობლემა. ის, რაც ჩვენ მოვისმინეთ საგამოძიებო სიუჟეტების შედეგად, ადასტურებს სწორედ იმას, რომ დღეს ქართულ ჯარს არ ჰყავს, ფაქტობრივად, ხელისუფლება, რომელიც ზრუნავს ქართულ ჯარზე, ან ქართულ სახელმწიფოზე, იმიტომ, რომ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ზრუნავს რუსეთის დავალების შესრულებაზე და კორუფციულ გამდიდრებაზე,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

როგორც დეპუტატი ხათუნა სამნიძე ამბობს, ამ ფაქტზე გამოძიება უნდა დაწყებულიყო, თუმცა ამის იმედი არ აქვს. რაც შეეხება მინისტრის პარლამენტში დაბარებას, დეპუტატს მოლოდინი არ აქვს, რომ ამომწურავ პასუხებს მიიღებენ ბურჭულაძისგან.

ნორმალურ ქვეყანაში, ასეთ ვითარებაში, ასეთი სიუჟეტის თუ კომენტარების შემდეგ აუცილებლად დაიწყებოდა საგამოძიებო მოქმედებები და გამოიძიებოდა ეს საქმე. სამწუხაროდ, ასეთ ქვეყანაში არ ვცხოვრობთ და ერთადერთი საშუალება, რაც გვაქვს ჩვენ პოლიტიკოსებს არის დავიბაროთ თავდაცვის მინისტრი და მას ვთხოვოთ პასუხები, თუმცა არაერთხელ გვინახავს, რომ პარლამენტში წარმოდგენილი მინისტრები ბოლომდე პასუხებს არ გვცემენ ან სადეპუტატო შეკითხვებზე, რომელსაც ვაგზავნით, პასუხებს არ ვიღებთ. ნორმალურ ქვეყანაში უკვე უნდა იყოს დაწყებული გამოძიება,“ - ამბობს სამნიძე.

გამოსავალი შექმნილი ვითარებიდან რომ ხელისუფლების ცვლილებაა, ამაზე საუბრობს დეპუტატი თემურ ჯანაშია. 

მისთვის ჯარი ნაკლებად მნიშვნელოვანია, ჯარი მისთვის არის ჩვეულებრივ კორუფციის წყარო, მათ შორის პოლიტიკური კორუფციისთვის. ეს არის სისტემა, რომელიც თვითონ უკვეთავს, თვითონვე ამოწმებს, სტანდარტებს თვითონვე სახავს, აბსოლუტურად ჩაკეტილი სისტემა. ერთადერთი გამოსავალი ხელისუფლების შეცვლის და მერე ძირეული რეფორმირება თავდაცვის სამინისტროსი,“ - ამბობს ჯანაშია.

თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან სისტემის მხილებასთან დაკავშირებით ინფორმაცია შაბათის ეთერმა გაასაჯაროვა. "ტვ პირველის" გამომძიებელი ჟურნალისტების მიერ მოპოვებული ინფორმაციით, მატლებდასეულ თევზს დაზიანებული ნაწილები მოჭრეს, შემდეგ მოამზადეს და ასე გაიტანეს ჯარისკაცების საკვებად.

მსგავსი სიახლეები