ენმ-დან კადრების გადინებით "ოცნება" კმაყოფილია
ენმ-დან კადრების გადინებით "ოცნება" კმაყოფილია - ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში მიმდინარე პროცესებზე განცხადება დღეს პარლამენტის თავმჯომარემ გააკეთა.
შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ ენმ-ში მიმდინარე პროცესები ოლიგარქიის მავნე გავლენის შედეგია. სახელისუფლებო გუნდის წევრი ირწმუნება, რომ პარტია უწინდებურად კორუმპირებული და მოძალადეა.
ეს არის ზუსტად ოლიგარქიის მავნე გავლენა ქართულ პოლიტიკაზე. ჩვენ ვხედავთ პირდაპირ, რომ ოლიგარქიული ჯგუფები არიან ჩართული არიან ბრძოლაში, შავი ფული ტრიალებს, გავლენები ტრიალებს, უცხოური გავლენები მათ შორის ამ პარტიაში და ამიტომაც ხდება ის, რაც ხდება ამ პარტიაში და ძალიან კარგია, იმიტომ, რომ აქ არ არის დავა ღირებულებებზე. ენმ ისეთივე მოძალადე პარტიად რჩება, როგორიც ის იყო. ენმ ისეთივე კორუმპირებულ პარტიად რჩება, როგორიც ის იყო თავიდანვე და ენმ ისევე ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედი რჩება, როგორიც იყო, - ამბობს პაპუაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ბათუმის საკრებულოს წევრებმა, მათ შორის, გიორგი კირთაძემ და მირდატ ქამადაძემ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია დატოვეს. ამის შესახებ მათ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრეს და ბრძოლა ახალი პლატფორმიდან დააანონსეს.