შეიქმნას საპარლამენტო კომისია და შეუშვან არასამთავრობო ორგანიზაციები შეიარაღებულ ძალებში - აკია ბარბაქაძე
დამპალი ხორცი და მატლებდასეული თევზი ჯარში - "შაბათის ეთერის" ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ სამხედრო ექსპერტები საპარლამენტო კომისიის შექმნასა და თავდაცვის ძალებში მონიტორინგის მიზნით არასამთავრობო ორგანიზაციების შესვლას ითხოვენ. როგორც "მოძრაობა თავისუფლებისთვის - წინააღმდეგობის ერთიანი ფრონტის" ლიდერი აკია ბარბაქაძე ამბობს, საპარლამენტო და საზოგადოებრივი კონტროლი აუცილებელია, რადგან კითხვები შესაძლო კორუფციასთან დაკავშირებით არსებობს.
სისტემა, რომელიც დახურულია საზოგადოებისთვის, იქ ყოველთვის რჩება ადგილი კორუფციული გარიგებისთვის. ამას სჭირდება საპარლამენტო კონტროლი, შეიქმნას საპარლამენტო კომისია. შეუშვან არასამთავრობო ორგანიზაციები შეიარაღებულ ძალებში, რომ მათ შეძლონ გამჭვირვალე კონტროლის მიღწევა. ეს არ წარმოადგენს არც საიდუმლოს და არც დასაფარ თემას, დასავლეთის ქვეყნებმა დიდი ხანია ამ პრობლემას მიხედეს გამჭვირვალეობით, გახსნილობით და საპარლამენტო და საზოგადოებრივი კონტროლის მეშვეობით, ეს არის გასაკეთებელი, თუ ხელისუფლება ამას არ გააკეთებს, ყოველთვის იქნება ასეთი ფაქტები და ყოველთვის იქნება უნდობლობა საზოგადოებისა ჯარის მიმართ,“ - განაცხადა აკია ბარბაქაძემ.
თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან სისტემის მხილებასთან დაკავშირებით ინფორმაცია შაბათის ეთერმა გაასაჯაროვა. "ტვ პირველის" გამომძიებელი ჟურნალისტების მიერ მოპოვებული ინფორმაციით, მატლებდასეულ თევზს დაზიანებული ნაწილები მოჭრეს, შემდეგ მოამზადეს და ასე გაიტანეს ჯარისკაცების საკვებად. ფაქტებზე სასამართლოში, ფიცის ქვეშ სწორედ იმ ადამიანმა ისაუბრა, რომელსაც საკვების კონტროლი ევალებოდა.