არ გამოვრიცხავ, 2024 წელს "ოცნებამ" მიხეილ სააკაშვილი ციხიდან გამოუშვას - ბერდია სიჭინავა
პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა არ გამორიცხავს, რომ "ქართულმა ოცნებამ" 2024 წელს საქართველოს მესამე პრეზიდენტი ციხიდან გამოუშვას და საარჩევნო კამპანიაში ჩართვის შესაძლებლობა მისცეს.
გახარიას გუნდის წევრი ამტკიცებს "ნაცინალური მოძრაობა" და "ქართული ოცნება" შეთანხმებულად მოქმედებენ და ხელს უშლიან ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.
საერთოდ არ გამოვრიცხავ, რომ 2024 წელს დავდგეთ იმ ფაქტის წინაშე, რომ ეს ადამიანი გამოუშვან გარეთ, თავისუფლებაზე და საარჩევნო კამპანია ჩაატარებინონ, რადგან საარჩევნო კამპანიას ვხედავთ სასამართლო დარბაზიდანაც. ეს კიდევ ერთი პრობლემაა მართლმსაჯულების სისტემის. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ არ იყოს "ოცნების" ხელისუფლების თანხმობა, შეძლებდნენ მსგავსი კამპანიის ჩატარებას "ნაცმოძრაობის" ის პრეზიდენტი, რომელმაც საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობაზე თქვა უარი, ბრალდებულის სტატუსით იმყოფება პენიტენციურ სისტემაში და ატარებს საარჩევნო კამპანიას. ეს პოლარიზაციის გამომწვევი ორი პოლიტიკური ძალა არის ამ ქვეყნის შემაფერხებელი, ამიტომ ალტერნატიულ არჩევანს აქვს დიდი მნიშვნელობა", - აღნიშნა ბერდია სიჭინავამ "დღის ამბებში".