"ოცნებამ" თქვა, რომ აშშ-ის აზრი არ აინტერესებს, მისთვის რუსეთის ჯაშუში უფრო მნიშვნელოვანია - პაატა მანჯგალაძე

05.12.23 11:22
"ოცნებამ" თქვა, რომ აშშ-ის აზრი არ აინტერესებს, მისთვის რუსეთის ჯაშუში უფრო მნიშვნელოვანია - პაატა მანჯგალაძე

რა თქვა "ქართულმა ოცნებამ" აშშ-ის მიერ ჯაშუშობის გამო სანქცირებული ოთარ ფარცხალაძის საქართველოს საზღვარზე უპრობლემოდ შემოშვებით?  - "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამ ნაბიჯით სრული ლუსტრაცია მოახდინა - პირდაპირ თქვა, რომ სტრატეგიული პარტნიორის აზრი არ აინტერესებს. 

(ფარცხალაძეს) ქონება გაატანეს, თქვეს, რომ მოქალაქეც არ არის და წავიდა ქვეყნიდანო. ახლა, ჯაშუშობაში მხილებული ადამიანი, თავისუფლად გადაადგილდება, შემოდის, გადის ქვეყნიდან. ანუ რა თქვა "ქართულმა ოცნებამ", რაც ყველაზე პრობლემურია - სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელია ჩვენთან ერთად საქართველოზე, ამის აზრი არ მაინტერესებს, ჩემთვის რუსეთის ჯაშუში უფრო მნიშვნელოვანია, ეს ხომ ლუსტრაციაა პირდაპირ" - აცხადებს მანჯგალაძე. 

დასანქცირებული ყოფილი პროკურორი თბილისში კომპანია "აზიმუტის" რეისით გუშინ ჩამოფრინდა. რუსეთის მოქალაქე, რომელიც  შტატებმა დაასანქცირა და  რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირში  ამხილა, საქართველოს საზღვარზე   რუსული პასპორტით  სრულიად უპრობლემოდ შემოუშვეს.  

"პირველების" ინფორმაციით, ფარცხალაძე თბილისში საიდუმლო მოლაპარაკებებისთვის რამდენიმე საათით საგანგებოდ  ჩამოფრინდა.