სამშობლოს ღალატის უმძიმესი ბრალდება - რატომ არ დააპატიმრეს ოთარ ფარცხალაძე საზღვარზე?

05.12.23 13:50
სამშობლოს ღალატის უმძიმესი ბრალდება - რატომ არ დააპატიმრეს ოთარ ფარცხალაძე საზღვარზე?

რატომ არ დააპატიმრეს ოთარ ფარცხალაძე საზღვარზე? - უსაფრთხოების ექსპერტები პირდაპირ ამბობენ, რომ ქართველ სამართალდამცავებს პირი, რომელის წინააღმდეგაც გამოძიება  მტრულ საქმიანობაში ჩართვის მუხლით მიმდინარეობს, საზღვარზევე უნდა დაეკავებინათ ან რუსეთის ფედერაციაში უნდა გაებრუნებინბათ. 

  • ოთარ ფარცხალაძის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლის მიხედვით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს უცხო ქვეყნის ორგანიზაციების ან დაქვემდებარებული ორგანიზაციების დახმარებას მტრულ საქმიანობაში. ეს მუხლი შვიდიდან 15 წლამდე სასჯელს ითვალისწინებს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე, გენერალი ზაზა გოგავა აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" ღია განცხადებებმა, რომ ისინი სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებებს არ იზიარებენ, მიიყვანა სახელმწიფო უწყებები იმ სურათამდე, რომ ჯაშიშობაში მხილებული პირი ქვეყანაში თავისუფლად შემოდის და გადაადგილდება: 

ჩვენი უსაფრთხოების სამსახურები, პლუს შინაგან საქმეთა სამინისტრო (ისინი საზღვარს აკონტროლებენ) მინიმუმ საზღვარზე უნდა მომხდარიყო მისი (ოთარ ფარცხალაძის) შეჩერება. თუ არა დაკავება, უკან, რუსეთის ფედერაციაში გაბრუნება. საქართველოს მოქმედი ხელისუფლება არ აღიარებს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ რუსეთის ეფ ეს ბე-ს აგენტად წოდებული მოქალაქის, კერძოდ, ოთარ ფარცხალაძისადმი ამ ბრალდებას. ამიტომაც მივიღეთ ის, რომ ფარცხალაძე ჩვეულებრივად შემოდის და გადის ქვეყნიდან, ისე რომ მას არანაირი პრობლემა არ ექმნება" - ამბობს გენერალი გოგავა. 

სამხედრო ექსპერტი აკია ბარბაქაძე აცხადებს, რომ  ფარცხალაძე და ჩვენი ხელისუფლება ერთი გუნდი არიან და სწორედ ამიტომ სარგებლობს ყოფილი მტავარი პროკურორი გავლენებით: 

ფარცხალაძე და ჩვენი ხელისუფლება ერთი გუნდი არიან. მათთვის მნიშვნელობა არ აქვს, ფარცხალაძე რუსული პასპორტით შემოვა თუ ქართულით. ეს არის პრობლემა, რომ ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ატარებს რუსულ ინტერესებს. ტყუილია მოლოდინი, რომ ჩვენი ხელისუფლება გადადგამს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე რაიმე ნაბიჯს"- აკია ბარბაქაძე. 

დასანქცირებული ყოფილი პროკურორი თბილისში კომპანია "აზიმუტის" რეისით გუშინ ჩამოფრინდა. რუსეთის მოქალაქე, რომელიც  შტატებმა დაასანქცირა და  რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირში  ამხილა, საქართველოს საზღვარზე   რუსული პასპორტით  სრულიად უპრობლემოდ შემოუშვეს.  

"პირველების" ინფორმაციით, ფარცხალაძე თბილისში საიდუმლო მოლაპარაკებებისთვის რამდენიმე საათით საგანგებოდ  ჩამოფრინდა.