მაჭარაშვილი კრიტიკულ მედიას: ძალიან ახლო კავშირები გაქვთ რუსულ "ფეესბესთან"
"ხალხის ძალას" ოთარ ფარცხალაძესთან კითხვები არ აქვს, თუმცა "ფეესბესთან" კავშირებში იმ მედიებს ადანაშაულებს, რომლებიც ჯაშიშობაში მხილებული ყოფილი პროკურორის შესახებ კითხვებს სვამენ.
"გასაგებია, რომ თქვენ ძალიან ახლო კავშირები გაქვთ რუსეთთან, "ფეესბესთან," ინფორმაციები გაქვთ უპირველეს ყოვლისა არა მარტო ჩემზე მეტი, არამედ მე მგონი უსაფრთხოების სამსახურზე მეტიც შეიძლება"- თქვა დღეს გურამ მაჭარაშვილმა.
დეპუტატი ფარცხალაძის ჯაშუშობის მტკიცებულებებს ისევ ითხოვს:
"ფეესბეს" ეხლა რუსეთში რა ხდება, ბუნებრივია, რომ ჩვენზე მეტი ეცოდინება და თქვენ ჩვენზე მეტი გეცოდინებათ. იმიტომ, რომ კავშირები გაქვთ, აშკარად იკვეთება ეს. იმიტომ, რომ ისეთ ამბებს მეუბნებით დილიდან, რომ აშკარად, როგორც მინიმუმ, თუ გუშინ ღამე არა, დილით ადრე, ზარებია თქვენთან ამ ინფორმაციაზე განხორციელებული. ამიტომ, პირიქით შეიძლება ინფორმაცია მოგთხოვოთ, რა შეიძლება მოხდეს რუსეთის მოქალაქეების მიმართ. ამიტომ, ამ საკითხთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ, რომ ეს ინფორმაცია მე არა მაქვს. თუ თქვენ რაიმე მტკიცებულებები გაგაჩნიათ, შეგიძლიათ შესაბამის უწყებას მიმართოთ და გარწმუნებთ, რომ ამ შემთხვევაში უწყება შესაბამის რეაგირებას მიიღებს," - ამბობს "ხალხის ძალის" წევრი.