სკანდალური ტენდერი - "საქართველოს რკინიგზა" ელმავლების ყიდვას რუსეთიდან აპირებს
184 მილიონი ლარი სანქცირებული რუსი ოლიგარქების კუთვნილ კომპანიას - "საქართველოს რკინიგზა", რომელიც სახელმწიფო კომანიაა, 12 ელმავლის ყიდვას რუსეთიდან აპირებს. ჯერჯერობით, კონტრაქტი გაფორმებული არ არის და ხელშეკრულების დადებას ხელმოწერა აკლია.
ტენდერში ერთადერთი კომპანია მონაწილეობს - შპს გეორგია, რომლის დამფუძნებელიც "ქართული ოცნების" შემომწირველია. დოკუმენტებიდან დგინდება, რომ ქართული კომპანია ელმავლების შემოტანას რუსული კომპანია Уральские локомотивы-სგან გეგმავს. ამ კომპანიის 50-პროცენტიანი წილის მფლობელი კი არის Sinara Group, რომლის მფლობელებიც სანქცირებული რუსი ოლიგარქები არიან. მათ შორის არის დმიტრი პუმპიანსკი, რუსი ოლიგარქი, რომელიც სანქცირებულია აშშ, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის მიერ.
კორუფციის მკვლევარებს უჩნდებათ ეჭვი, რომ ტენდერი გამოცხადებისთანავე კონკრეტულ კომპანიაზე იყო მორგებული. მათივე თქმით, ელმავლების ყიდვას რუსეთისგან რომ გეგმავდნენ თავიდანვე იყო გათვლილი, რადგან "საქართველოს რკინიგზამ" პირობებში პირდაპირ ჩაწერა, რომ სჭირდებოდათ სპეციალური სერთიფიკატი, რომელსაც მხოლოდ რუსეთში გასცემენ.
საქართველოს რკინიგზა აპირებს 184 მილიონი ლარის ღირებულების ელმავლების შეძენას რუსული ურალის ლოკომოტივებისგან და ეს თავისთავად უკვე პრობლემაა. კომპანიის თანადამფუძნებელი არის ჯგუფი, რომლის პრეზიდენტიც იყო აშშ-ის, ევროკავშირის და დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული რუსი ოლიგარქი, რაც ქმნის მაღალ ალბათობას, რომ შესაძლებელია შემდეგში ეს კომპანიაც დასანქცირდეს.
ტენდერის გამოცხადებისთანავე ჩადებული პირობებიდან გამომდინარე, გაჩნდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ მხოლოდ და მხოლოდ, რუსული მომწოდებელი კომპანია შეძლებდა ამ პირობების დაკმაყოფილებას. ჩვენ ვხედავთ, რომ მსხვილ ტენდერში, ფაქტობრივად, არცერთი ბიჯით ფასდაკლება არ ყოფილა, სავარაუდოდ, არც სხვა მონაწილე ტენდერში არ შესულა, რაც მაღალი ალბათობით, ქმნის კონკრეტულ მომწოდებელზე ტენდერის მორგების დასაბუთებული ვარაუდის გაკეთების შესაძლებლობას. ასეთი ტენდერები, როგორც ჩანს, მსხვილი კორუფციული მადის დასაკმაყოფილებლად ტარდება,“ - ამბობს ირაკლი აბესაძე.
შპს გეორგიას დამფუძნებელი რომ მმართველი პარტიის შემომწირველია, ამაზე საუბრობს ბესიკ დონაძე.
გამოყენებულია ქართული კომპანია შპს გეორგია, რომლის დამფუძნებელი და მესაკუთრე არის გელა ძიძიკაშვილი, რომელიც ამავდროულად თბილისის მერიის საკუთრებაში არსებულ კომპანიაშიც არის დირექტორი, პარალელურად, არის „ქართული ოცნების“ შემწირველი. თავიდანვე გათვალეს, რომ მეტი უპირატესობა ჰქონოდა კომპანიას, რომელიც არის საერთო საბაჟო კავშირში და აქვს რუსული სერტიფიკატები. საქართველოს მოქალაქეების მიერ გადახდილი თანხები მიდის რუსეთის ფედერაციაში იმ კომპანიებში, რომელი კომპანიებიც რუსეთის პრეზიდენტ პუტინს ეხმარება უკრაინასთან ომში,“ - განაცხადა დონაძემ.
პარტია "ლელოს" წევრის საბა ბუაძისთვის მიუღებელია "ქართული ოცნების" განზრახვა, რომ ოკუპანტი ქვეყნის სანქცირებული კომპანიისგან საქართველომ ელმავლები შეიძინოს.
პირდაპირ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხდება ოკუპანტი სახელმწიფოსთვის თანხის გაგზავნა, ხდება სანქცირებული კომპანიებისგან მნიშვნელოვანი საქონლის და ინფრასტრუქტურის შეძენა და „ქართული ოცნება“ ამ ყველაფერში ვერ ხედავს ვერანაირ პრობლემას,“ - განაცხადა საბა ბუაძემ.