ივანიშვილის, ფაქტობრივად, გაგდებული ყოფილი პრემიერის დღევანდელი განცხადებები არადამაჯერებელია - სამადაშვილი
გიორგი გახარიას, რომელიც "ბიუჯეტის ქურდების" მხილებას აანონსებს, დღეს პარლამენტში გაკეთებული განცხადებები გაახსენეს.
სალომე სამადაშვილმა გახარიას პარლამენტში მისი გამოსვლა გაახსენა, როდესაც მაშინდელმა პრემიერმა განაცხადა: „რა კორუფცია, ხალხო? შეიძლება ვიღაცამ ვიღაცას ქართულ ჯიგრულ პონტში რამე… მაგრამ რა კორუფცია, რას ამბობთ“.
ოპოზიციის წარმომადგენელი დარწმუნებულია, რომ ყოფილ პრემიერს ბევრი ინფორმაცია აქვს, თუმცა გახარიას გულწრფელობაში დაწმუნებული არ არის:
მახსოვს პრემიერ-მინისტრი გახარია, აქ პარლამენტში როგორ გვიმტკიცებდა, რომ ქვეყანაში არანაირი კორუფცია არ არსებობს და "ქართულ ჯიგრულ პონტში" პოლიტიკა შეიძლება არის, მაგრამ კორუფცია არ არის-ო, ამიტომ ჩემთვის ძალიან არადამაჯერებელია, ივანიშვილის ფაქტობრივად გაგდებული ყოფილი პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადებები.
ის ალბათ ინფორმაციას ფლობს, შესაბამისად, თუ რამეს იტყვის, საინტერესო იქნება საზოგადოებისთვის" - აცხადებს სამადაშვილი.
გიორგი გახარია „ქართული ოცნების „ ლიდერებს დიდი ფულის ქურდობაში ადანაშაულებს. ექსპრემიერმა თქვა, რომ მილიონები 25 ოჯახის ჯიბეში მიდის და აანონსებს, რომ მათ ვინაობას მალე დაასახლებს.
„ოცნების ლიდერებმა იმდენი მოიპარეს რომ შეშინებულები არიან როგორ დაიცვან ახლა მოპარული მილიონები" - ამბობს ექს-პრემიერი, რომელიც ელიტური კორუფციის შესახებ პირველად ალაპარაკდა.
ეს არის უკვე მეორე შემთხვევა, როდესაც გახარია "ოცნებას" ემუქრება. პირველი იყო როდესაც ივანიშვილის გუნდს გასამართლება დაუანონსა და ახლა, როდესაც ამტკიცებს, რომ ბიუჯეტის ქურდების ვინაობა მისთვის ცნობილია.