უნგრეთი ჩვენი ქვეყნის გამორჩეული მხარდამჭერია - კობახიძე
ევროკავშირისა და უნგრეთის მოლაპარაკებებში ჩვენ ვერ ჩავერევით, ეს მათი საქმეა - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ უნგრეთში ვიზიტისას განაცხადა.
კობახიძის მტკიცებით, უნგრეთი ჩვენი ქვეყნის გამორჩეული მხარდამჭერია და მნიშვნელოვანია ამ ქვეყანასთან თანამშრომლობა გაღრმავდეს.
„ევროკავშირისა და უნგრეთის მოლაპარაკებები არის ევროკავშირისა და უნგრეთის საქმე, ჩვენ ამაში ვერ ჩავერევით. უნგრეთი არის ჩვენი ქვეყნის გამორჩეული მხარდამჭერი, მათ შორის ევროინტეგრაციის გზაზე.
ამ კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამშრომლობა, პარტნიორობა, მეგობრობა ჩვენს უნგრელ კოლეგებთან. ზოგადად, ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაც არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენ გვაერთიანებს საერთო ღირებულებები, საერთო ფასეულობები. როდესაც თანამშრომლობა არის ფასეულობებზე დაფუძნებული, ამ დროს პერსპექტივაც არის განსაკუთრებულად ძლიერი“, – განაცხადა კობახიძემ.
ორბანის მუქარამ ევროკავშირის დღის წესრიგი შეცვალა - ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ჩინეთში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა და ევროკავშირის ლიდერებთან მოლაპარაკებებს იწყებს. რას დაუპირისპირებს პუტინის მეგობარი უნგრეთის პრემიერის მოთხოვნას ევროკაშირი, ეს მოლაპარაკების დასრულების შემდეგ გაირკვევა.
ორბანი ევოკავშირში ერთადერთი ლიდერია, რომელიც უკრაინის გაწევრიანებას ბლოკავს, ეს კი ავტომატურად საქართვლოზეც აისახება. "ქართული ოცნება" კი ორბანის კრიტიკას ვერ ბედავს, რადგან უნგრეთის პრორუსი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილის და "ქართული ოცნების" ახლო მეგობარი და მეკავშირეა.