მოხალისეობა არის მოქალაქეობის გამოვლენა. მოხალისეები იყვნენ 1924 წელს შეფიცულები, ჩოლოყაშვილთან ერთად ებრძოდნენ უცხო რეჟიმს - პრეზიდენტი
"ნებაყოფლობითი მოხალისეობა ეს არის ნამდვილი გამოვლენა მოქალაქეობის. თქვენ წარმოადგენთ სწორედ ამ ძალიან დიდ ძალას, რომელსაც ვერავინ შეაკავებს, იმიტომ, რომ ეს არის თავისუფალი ძალა," - ამ სიტყვებით მიმართა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში შეკრებილ მოხალისეებს.
სალომე ზურაბიშვილმა მოხალისეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პარალელი გაავლო 1924 წლის შეფიცულთა რაზმზე, რომელსაც ქაქუცა ჩოლოყაშვილი ხელმძღვანელობდა და რომელიც შეიქმნა ბოლშევიკური რეჟიმის წინააღმდეგ საბრძოლველად და სახელმწიფო სუვერენიტეტის აღსადგენად.
სალომე ზურაბიშვილმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგო უკრაინის ომში დაღუპულ ქართველებს და აღნიშნა, რომ "ისინი წარმოადგენენ იქ თავისუფლად, მათი ნებაყოფლობით, არჩევანით ქართულ ღირსებას".
მოხალისეობა ეს არის, პირველ რიგში, მოქალაქეობის გამოვლენა. საზოგადოება, სადაც არ არიან მოხალისეები, ან ძალით მოხალისეები, ეს კიდევ სხვა კატეგორიაა, რაც ამ ქვეყანას გავლილი აქვს სხვა პერიოდში, ნებაყოფლობითი მოხალისეობა ეს არის ნამდვილი გამოვლენა მოქალაქეობის და იმის გაგება, რომ საზოგადოება, ქვეყანა დაყრდნობილია პირად ინიციატივაზე და თქვენ ყველამ ეს გამოავლინეთ. პირადი ინიციატივა, რაც ნიშნავს ამავე დროს პასუხისმგებლობის შეგრძნებას, რომ ჩვენ ყველანი ვართ ამ ქვეყნის წინაშე და მისი მოსახლეობის წინაშე ერთნაირად პასუხისმგებლები, ზოგი ცოტა მეტად, პრეზიდენტი, მაგალითად, მაგრამ არა ყოველთვის, მაგრამ ყველას გვაქვს ის წვლილი შესატანი, რასაც ჰქვია მოხალისეობა, ინიციატივა და ძალიან ნიშანდობლივია, რომ თქვენ დღეს ამდენი მოხვედით აქ და ვისურვებდი, რომ მეტი ადგილი იყოს, იმიტომ, რომ ფიზიკურად აღარ იტევს ეს სასახლე მეტ ადამიანს და თქვენ წარმოადგენთ სწორედ ამ ძალიან დიდ ძალას, რომელსაც ვერავინ შეაკავებს, იმიტომ, რომ ეს არის თავისუფალი ძალა და ამით, არა მხოლოდ თქვენი ხმა ევროპას, არამედ თქვენ ხართ ევროპა, იმიტომ, რომ ევროპა ეს არის - თავისუფლება, თავისუფალი ინიციატივა, თავისუფალი გაგება იმის, თუ რა სჭირდება თქვენს ირგვლივ საზოგადოებას თუ ქვეყანას.
ყველა სფეროს აქვს თავისი აზრი და თავისი საჭიროება და თქვენ ეს ყველაფერი აღმოაჩინეთ თქვენით და ჩაერთეთ და არავის კარნახით, რაც ჩემთვის ძვირფასია. თქვენ გადაწყვიტეთ, რომ ჩაერთოთ ქვეყნის ცხოვრებაში ამ ფორმით.
მოხალისეობა არახალია, მოხალისეები იყვნენ 1924 წელს შეფიცულები, როცა ჩოლოყაშვილთან ერთად ებრძოდნენ სწორედ იმ უცხო რეჟიმს, რომელიც ცდილობდა დამკვიდრებას და ნაწილი მოსახლეობის ებრძოდა ამ რეჟიმის დამკვიდრებას, ეს იყო სუფთა წყლის მოხალისეობა.
ასევე მოხალისეები არიან ქართველი მეომრები, რომლებიც დღეს იბრძვიან უკრაინაში, ისინი წარმოადგენენ იქ თავისუფლად, მათი ნებაყოფლობით, არჩევანით ქართულ ღირსებას და მინდა, რომ პატივი მივაგოთ იმ ბიჭებს, რომლებმაც იქ შესწირეს თავიანთი სიცოცხლე და არიან ძალიან ღირებული.
არანაკლები ჩართულობა ბრძოლაში იყვნენ ის ახალგაზრდები, რომლებიც 13 ივნისს გამოჩნდნენ იმით, რომ ებრძოდნენ სტიქიას და შეძლეს ამ ქალაქისთვის მაგალითის მიცემა, თუ როგორ შეიძლება დაიცვა თავი ამ წარმოუდგენელ და სრულიად მოულოდნელ სტიქიას, რომელიც დღევანდელ დღეს კლიმატური ცვლილებების ფონზე მზად უნდა ვიყოთ,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.