რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ გატაცებული ხვიჩა კორინთელი თავისუფალია

05.12.23 21:29
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ გატაცებული ხვიჩა კორინთელი თავისუფალია

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ გატაცებული ხვიჩა კორინთელი თავისუფალია. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, კორინთელი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

ხვიჩა კორინთელის უკანონო პატიმრობიდან დაუყოვნებელი გათავისუფლების მიზნით აქტიურად გამოიყენებოდა როგორც „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ასევე, ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა სხვა ინსტრუმენტი.
ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად.
საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება," - წერია სუს-ის განცხადებაში.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მცხოვრები ხვიჩა კორინთელი 24 ნოემბერს, სოფლის ეკლესიიდან - წმინდა გიორგის სახელობის აძვის ეკლესიიდან გაიტაცეს. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გიორგობის მეორე დღეს მასთან ერთად დააკავეს დიმიტრი კორინთელი და თანასოფლელი გიორგი მელაძე. ჯერჯერობით გაურკვეველია, როდის გაათავისუფლებენ ხვიჩა კორინთელის თანმხლებ პირებს, დიმიტრი კორინთელს და გიორგი მელაძეს.

 

მსგავსი სიახლეები