შუა დერეფანი არის კარგი იმით, რომ გვერდს უვლი რუსეთს და საერთაშორისო სანქციების ქვეშ მყოფი ირანს - ჯაფარიძე
„შუა დერეფანი არის კარგი იმით, რომ გვერდს უვლი რუსეთს და საერთაშორისო სანქციების ქვეშ მყოფი ირანს,“ - ეს განცხადება ილია ჭავჭავაძის ცენტრის მკვლევარმა, გია ჯაფარიძემ „რეაქციაში“ გააკეთა. ჯაფარიძე შუა დერეფნის შესაძლებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ქვეყანაში უფრო მეტ ინვესტიციას შემოიტანდა.
ჯაფარიძე ამბობს, რომ არსებობს შესაძლებლობა საქართველომ დაიბრუნოს გეოპოლიტიკური მნიშვნელობა, თუმცა ამისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა და პოლიტიკური ნება არ არსებობს. ჯაფარიძემ ანაკლიის პროექტის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.
შუა დერეფანი რითი არის კარგი, იმით, რომ უფრო ნაკლები დრო სჭირდება ერთი ადგილიდან მეორე ადგილამდე რომ ტვირთი მიდიოდეს და იმით არის კარგი, რომ უვლი ისეთ ქვეყნებს გვერდს, როგორიც არის პრობლემური რუსეთი და საერთაშორისო სანქციების ქვეშ მყოფი ირანი.
უკრაინაში რუსულმა აგრესიამ გააჩინა ის შანსი, გააჩინა ინტერესი საერთაშორისო თანამეგობრობაში რომ შუა დერეფნის იდეა გაცოცხლდეს იმიტომ, რომ გვერდს აუვლის რუსეთს, იქნება იმაზე სწრაფი, ვიდრეა ზღვით გადაზიდვა. მაგრამ ამ შუა დერეფანსაც ახლავს თავისი პრობლემები. ჩვენ ხომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ რაც ჩვენი შესასრულებელია, იყოს გაკეთებული - გვჭირდება რკინიგზის, სახმელეთო გზის მოდერნიზაცია. ანაკლია ხომ გააჩერეს, სად არის რკინიგზის მოდერნიზაცია, რატომ არ მოხდა ამდენი ხნის განმავლობაში, სად არის გზები დასრულებული? ანაკლიის გაჩერება ხომ დანაშაულია, ანაკლიას მარტო სატრანსპორტო დანიშნულება ხომ არ ჰქონდა, ანაკლია ამავდროულად იბამდა აფხაზეთს.
ასეთი პროექტები რომ განახორციელო, ინვესტიციები რომ წამოვიდეს ასეთ პროექტებში, გჭირდება, რომ უზრუნველყოფილი იყოს ტვირთი, პროდუქტები, დაკონტრაქტებაა ამის საჭირო, ამავდროულად უზრუნველყოფილი უნდა იყოს ის გასაღების ბაზრები, სადაც ეს ტვირთი მიდის, ამაზე კიდევ ცალკე სამუშოა, აქამდე არც ვართ მისული, საბაზისო რაღაცები არ გვაქვს გაკეთებული,“ - განაცხადა გია ჯაფარიძე.