რუსეთთან სატრანზიტო გზის განვითარება არ მოდის თანხვედრაში ევროკავშირის პრიორიტეტებთან - ჩეჩელაშვილი

05.12.23 21:56
რუსეთთან სატრანზიტო გზის განვითარება არ მოდის თანხვედრაში ევროკავშირის პრიორიტეტებთან - ჩეჩელაშვილი

„შეცდომა უკვე დაშვებული გვაქვს. ასობით მილიონობით ლარს ვდებთ რუსეთისკენ მიმავალ დერეფანში - ავტობანის მშენებლობა, კობის უნიკალური ტუნელი, გამოდის, რომ ჩვენ ვქმნით ახალ სატრანზიტო შესაძლებლობებს რუსეთის მიმართულებით იმ ვითარებაში, როდესაც რუსეთი არის მკაცრად სანქცირებული,“ - ამ განცხადებას სტრატეგიული ანალიზის ცენტრის აღმასრულებელი საბჭოს წევრი ვალერი ჩეჩელაშვილი აკეთებს.

"რეაქციაში" ჩეჩელაშვილი ამბობს, რომ რუსეთთან სატრანზიტო გზის გაკეთება წინააღმდეგობაში მოდის ევროკავშირთან აღებულ ვალდებულებებთან.

რასაც ჩვენ ვაკეთებთ ამ მიმართულებით, სატრანზიტო გზის განვითარების კუთხით რუსეთთან მიმართებაში ნამდვილად არ მოდის თანხვედრაში ევროკავშირის პრიორიტეტებთან.
ვფიქრობ, რომ დღეს არის შექმნილი უნიკალური ვითარება, სადაც ჩვენ შეგვიძლია დავიმკვიდროთ ღირსეული ადგილი საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში, მაგრამ იმისთვის, რომ ქვეყანამ ეს მოახერხოს და მოახერხოს ახალი ფუნქციის მოპოვება, ამისთვის საჭიროა, როგორც მინიმუმ ხედვა, პოლიტიკური ნება, შესაბამისი სტრატეგიები, დროში და სივრცეში გაწერილი მოქმედებების გეგმები, შესაბამისი კომპეტენცია და პროფესიონალიზმი. სამწუხაროდ, ყველა ამ კომპონენტში ჩვენ რეალურად პრობლემებს ვხედავთ და აქედან გამომდინარე, იმ შესაძლებლობებს, რომლებიც იხსნება საქართველოს წინაშე, ჩვენ ვერ ვიყენებთ. 
რაც შეეხება სატრანსპორტო-საკომუნიკაციო ფუნქციის ათვისებას, ბუნებრივია, რომ ეს არის უნიკალური შესაძლებლობა და ჩვენი მთავარი ფუნქცია არის ღერძზე აღმოსავლეთი-დასავლეთი. უზარმაზარი ნაკადებია, სავაჭრო და სატრანსპორტო ნაკადები და ამის რეალიზაცია არის სრულიად ჩვენს ხელში და ანაკლიის პორტი მათ შორის, არის ერთ-ერთი საკვანძო კომპონენტი ამ ფუნქციის ათვისების,“ - ამბობს ჩეჩელაშვილი.