23 ინფრასტრუქტურული პროექტიდან 21 ჩავარდნილია, თანხები გაფლანგული - ურუშაძე
„საქართველოს დღეს აქვს გეოპოლიტიკური მისია - ქრისტიანული, ევროპული ცივილიზაციის კარიბჭე კავკასიაში, აზიასა და ახლო აღმოსავლეთში იქნება საქართველო და ამას ვერც ბიძინა ივანიშვილი, ვერც პუტინი და ვერცერთი მათი გავლენის აგენტი ვერ შეაჩერებს, ეს გადაწყვეტილია და ამის აღსრულება მოხდება მალე,“ - ამ განცხადებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივანი ვასო ურუშაძე „რეაქციაში“ აკეთებს.
ურუშაძემ იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა, რომელიც 2020 წლის ბოლომდე უნდა განხორციელებულიყო, თუმცა ამ დრომდე არ დასრულებულა და როგორც ურუშაძე ამბობს, თანხები გაიფლანგა.
დღეს საქართველო არის უფუნქციო, ჩვენ გლობალური ეკონომიკისთვის ჩვენ არაფერს არ ვქმნით და ეს არის ჩვენი სიღარიბის მთავარი გამომწვევი მიზეზი, ჩვენ ვართ მარტო მომხმარებლები. 150 ყველაზე მომგებიანი კომპანიიდან საქართველოში დიდი უმრავლესობა არის სათამაშო ბიზნესი, დიდი უმრავლესობა არის იმპორტიორი კომპანიები, რომლებსაც შემოაქვთ საქართველოში პროდუქტი, ყიდიან ღარიბ მოსახლეობაზე და ამით მდიდრდებიან, თითზე ჩამოსათვლელია ისეთი კომპანიები, რომლებიც ქმნიან საქართველოში დამატებით ღირებულებას და გლობალურ ბაზარზე.
23 პროექტიდან 21 ჩავარდნილია და 2020 წელს უნდა დასრულებულიყო. ეს ვადებიც გადავადებულია, თუმცა ოცნების დაპირებით 2020 წელს ეს უნდა დასრულებულიყო. 11 წლის განვითარებაში 23 მილიარდი ლარი დაიხარჯა ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ.
ერთ-ერთი არის ხულო-ზარზმის დამაკავშირებელი გზა, სადაც 105 მილიონი ლარი გაიფლანგა და იქ ისეთი სავალალო მდგომარეობაა, რომ ურმებით გადაადგილებაც კი შეუძლებელი იქნება.
შემდეგი არის ჩუმათელეთი-ხარაგაულის დამაკავშირებელი გზა, ეს არის რიკოთის ალტერნატივა - აქაც 10 მილიონი ლარი გაიფლანგა და საერთოდ გავლა შეუძლებელია და გამოწვეულია კორუფციული ინტერესებიდან გამომდინარე.
სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობა, სადაც 903 მილიონი ლარია გაფლანგული, ასევე არის ბათუმს შემოვლითი გზა, რომელიც არ განხორციელდა, გაფლანგულია 330 მილიონი ლარი, თბილისი-რუსთავის ავტობანის მშენებლობა, რომელიც დაუსრულებელია. გურჯაანი-თელავის გზის მშენებლობა... ლენტეხი-მესტიის გვირაბი - დაწყებულიც არ არის.
საქართველოს ადგილი საერთაშორისო რეიტინგებში საავტომობილო ინფრასტრუქტურის ნაწილში - 108-ე ადგილზეა,“ - ამბობს ურუშაძე.