გახარიას კადრების წმენდა გრძელდება - გორის მერიის შესყიდვების სამსახურის უფროსის მოადგილე პოსტიდან გაუშვეს
გახარიას კადრების წმენდა საჯარო სამსახურებიდან გრძელდება. ამჯერად პოსტიდან გორის მერიის შესყიდვების სამსახურის უფროსის მოადგილე გაათავისუფლეს. ირკვევა, რომ ოლეგ ხუბულურის თანამდებობა ტვ პირველისთვის მიცემულ ინტერვიუს შეეწირა, სადაც ის ამბობდა, რომ პოლიტიკური ნიშნით დევნიდნენ.
ყოფილი საჯარო მოხელე ექსპრემიერის პარტიის მიმართ სიმპათიას არ მალავს. ხუბულური ფიქრობს, რომ პოლიტიკური დევნის მსხვერპლია და სამართლებრივ დავას იწყებს.
მითხრეს, რომ საკუთარი განცხადებით დამეტოვებინა ჩემი პოზიცია, რაზეც განვაცხადე უარი და თვითონ ამ ფაქტის შესახებ ვისაუბრე ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში. ამის შემდეგ შიდა აუდიტის სამსახურმა დაიწყო ამ ფაქტის ირგვლივ მოკვლევა და გააკეთა დასკვნა, თითქოს მე ამ განცხადებით გორის მუნიციპალიტეტის მერიის რეპუტაციას მივაყენე ზიანი და ამის შემდეგ უკვე მერის ბრძანების საფუძველზე გავთვაისუფლდი სამსახურიდან. ჩემი გათავისუფლება მოხდა მხოლოდ იმის გამო, რომ გარკვეული პიროვნებების მიმართ მქონდა კეთილგანწყობა და სიმპათია, ვგულისმობ გიორგი ხოჯევანიშვილს, გიორგი გახარიას, - ამბობს ხუბულური.
გორის მერი, კოტე თვაზარაშვილი, არ უარჰყოფს, რომ გორის მერიის შესყიდვების სამსახურის უფროსის მოადგილე თანამდებობიდან მისი განცხადების გამო გაათავისუფლეს.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გორის მერი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო საჯარო მოხელეებს თანამდებობებიდან უშვებს. რამდენიმე კვირის წინ კოტე თავზარაშვილმა საკუთარი ორი მოადგილე პოსტიდან გაათავისუფლა, სამსახურიდან გაუშვეს ხაშურის მერის მოადგილეც.