"ახლა თამაშის დრო არ არის" - რას დაუპირებს ევროკავშირი ორბანის დაანონსებულ ვეტოს?
რას დაუპირებს ევროკავშირი უნგრეთის პრორუსი პრემიერის დაანონსებულ ვეტოს? ვიქტორ ორბანის შანტაჟმა ევროკავშირის დღის წესრიგი ამოაყირავა - ევროპელი ლიდერები ახლა მასთან შესახვდრად ემზადებიან. პირველი შეხვედრა ხვალ ელისეის სასახლეში გაიმართება, სადაც ორბანი საფრანგეთის პრეზიდენტს შეხვდება.
"ახლა თამაშების დრო არ არის" - ამბობს გერმანიის საგარეო საქმეთა მინიტრი და აცხადებს რომ ევროკავშირი უკვე მუშაობს სტრატეგიაზე, როგორ უნდა დაარწმუნონ უნგრეთის პრემიერი, რომ ევროკავშირის გაფართოების პაკეტს ვეტო არ დაადოს .
„ახლა თამაშის დრო არ არის. თუ ჩვენ ვართ სიტუაციაში, როდესაც ევროპაში მშვიდობას თავს ესხმიან, მაშინ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია, ყოველ დღე და ყოველ საათში, რომ ჩვენი ხალხი დავიცვათ, და უფრო მეტად დავიცვათ უკრაინელი ხალხი, ყველა შესაძლო გზით“, – განცხადა ბერბოკმა.
ევროკომისია კი ორბანის განცხადებით შეშფოთებულია და აცხადებს, რომ რჩებიან იმ რეკომენდაციების ერთგული, რომელიც უკვე მაგიდაზე დევს.
ევროკომისიამ გადაწყვეტილება უკრაინასთან მიმართებაში კოლეგებთან ერთად მიიღო. ზოგადად, გაფართოების პაკეტები კონსულტაციების ფარგლებში მომზადდა. ევროკომისია შეშფოთებულია ორბანის ამ განცხადებით. ჩვენ ვრჩებით იმ რეკომენდაციების ერთგული, რომელიც მაგიდაზე დევს და ახლა ყველაფერი წევრის სახელმწიფოების გადასაწყვეტია", - ამბობენ ევროკომისიაში.
პუტინისა და ღარიბაშვილის მეგობარი ვიქტორ ორბანი ევროკავშირს აშანტაჟებს. ისტორიულ სხდომამდე რამდენიმე დღით ადრე, უნგრეთის პრემიერი უკრაინის საკითხის დაბლოკვით იმუქრება. ორბანი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს წერილს უგზავნის, სადაც პირდაპირ ითხოვს, რომ უკრაინის ნაწილი დღის წესრიგიდან მოიხსნას. უნგრეთის ლიდერი ფიქრობს, რომ ომში მყოფ ქვეყანასთან დაკავშირებით არ არსებობს კონსესუსი, ეს კი მარცხს გამოიწვევს.
თუ ევროპული საბჭო ორბანის შანტაჟს გაითვალისწინებს, ევროინტეგრაციის გზაზე საფრთხე ემუქრება უკრაინას და მასთან ერთად საქართველოსაც.