თუ გადადგება, მერე ვნახოთ რას ვიზამთ - გახარიას გუნდი პრეზიდენტზე

06.12.23 13:29
თუ გადადგება, მერე ვნახოთ რას ვიზამთ - გახარიას გუნდი პრეზიდენტზე

პარტია "საქართველოსთვის" წევრი მიხეილ დაუშვილი ფიქრობს, რომ "ოცნების" განცხადება, რომელიც ზურაბიშვილის შესაძლო გადადგომას და შემდეგ ოპოზიციის სათავეში ჩადგომას ეხება, არასერიოზულია. 

ამასთან, გახარიას გუნდის წევრი ამბობს, რომ პრეზიდენტთან ქვეყნის ევროინტეგრაციის საკითხებზე ახლაც თანამშრომლობს და მომავალშიც ითანამშრომლებს. დაუშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტთან გაერთიანების შესახებ მას შემდეგ იმსჯელებენ, თუ ზურაბიშვილი თანამდებობას დატოვებს. 

საერთოდ, მაგათ (ხელისუფლებას) ერთადერთი რაც აღელვებთ, ძალაუფლების შენარჩუნებაა და თუკი ვინმემ შეიძლება ამ საქმეში ხელი შეუშალოს "ოცნებას", მათთვის ყველა მიუღებელია და ყველას დისკრედიტაციას ცდილობენ. ჩვენ სალომე ზურაბიშვილთან აქამდეც გვითანამშრომლია და მომავალშიც ვითანამშრომლებთ ყველა იმ საკითხზე, რომელიც შეეხება ქვეყნის ევროინტეგრაციას, სტატუსის მიღების შემდგომ მოლაპარაკებების ეტაპზე გადასვლას, რომელიც შეეხება არჩევნების შედეგების დაცვას და მოქალაქეების ნების დაცვას. ჭორები, რომ ის წავა, მერე თქვენთან წამოვა, არასერიოზულია. თუ გადადგება, მერე ვნახოთ, რას ვიზამთ, - ამბობს მიხეილ დაუშვილი. 

პრეზიდენტის და ოპოზიციის შესაძლო გაერთიანების შესახებ განცხადება გუშინ,  ირაკლი კობახიძემ გააკეთა. "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ თქვა, სად ხედავს სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ მომავალს.

პრეზიდენტის აქტიურობით შეშინებული ხელისუფლება ოპოზიციური გადაჯგუფების სცენარებს წერს: არჩევნებამდე 2 თვით ადრე ზურაბიშვილი გადადგება და დიდ ოპოზიციურ გაერთიანებას შეუერთდება.