18-მეტრიანი ავტობუსების გარკვეული ნაწილი უკვე თბილისშია - კალაძე

06.12.23 14:23
18-მეტრიანი ავტობუსების გარკვეული ნაწილი უკვე თბილისშია - კალაძე

18-მეტრიანი ავტობუსების გარკვეული ნაწილი უკვე დედაქალაქშია და იანვრის ბოლოდან მოემსახურება მოქალაქეებს ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. 

კალაძის განმარტებით, სპეციალურად 18 - მეტრიანი ავტობუსებისთვის დაგეგმილია ავტობაზის მშენებლობაც.

„შემიძლია გითხრათ, რომ დეკემბრის ბოლომდე 50 ერთეული იქნება თბილისში და იანვრიდან უკვე მოხდება გაშვება. გარკვეული ტექნიკური დეტალები არის დასამონტაჟებელი ავტობუსის შიგნით და იანვრის ბოლოს უკვე დავიწყებთ ხაზებზე გაშვებას და თბილისის მოსახლეობას მოემსახურებას. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, კონკრეტული მარშრუტები იქნება. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანის გადაყვანა შევძლოთ დღის განმავლობაში.

დღეს გვაქვს პრობლემა, რაც გამოწვეულია იმ ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, რაც დედაქალაქში მიმდინარეობს. როდესაც მუნიციპალური ავტობუსი გაჩერებაზე აგვიანებს, იქ კიდევ უფრო მეტი ადამიანის თავმოყრა ხდება, რასაც შემდეგ ჯაჭვური რეაქცია აქვს. როდესაც ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს დავასრულებთ, ეს ყველაფერი მოწესრიგდება.

გარდა ამისა, მიმდინარეობს ახალი, უშუალოდ 18 - მეტრიანი ავტობუსებისთვის განკუთვნილი ავტობაზის მშენებლობა და როდესაც აღნიშნული სამუშაოები დამთავრდება, 18 - მეტრიანი ავტობუსები განთავსდება ახალ ავტობაზაზე",-განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება ავტოსადგომს, თბილისის მერის თქმით, დროებით აღნიშნული ავტობუსები განთავსდებიან დიღომში არსებულ ავტობაზაზე.