სკანდალი სამოქალაქო ავიაციაში - სააგენტოს ყოფილი მაღალჩინოსანი ამტკიცებს, რომ ის პოლიტიკური დევნის მსხვერპლია

07.12.23 11:23
სკანდალი სამოქალაქო ავიაციაში - სააგენტოს ყოფილი მაღალჩინოსანი ამტკიცებს, რომ ის პოლიტიკური დევნის მსხვერპლია

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში სკანდალმა იფეთქა - სააგენტოს ყოფილი მაღალჩინოსანი ამტკიცებს, რომ ის პოლიტიკური დევნის მსხვერპლი გახდა.

ზურაბ კოპლატაძე, რომელიც რუსეთთან ფრენების აღდგენას აპროტესტებდა და საფრთხეებზე ხმამაღლა ლაპარაკობდა, როგორც ირკვევა, სამსახურიდან აგვისტოში გაათავისუფლეს.

საინტერესოა, კიდევ ერთი დეტალი - ზურაბ კოპლატაძე სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში საფინანსო-ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობიდან რეორგანიზაციის საბაბით გაათავისუფლეს, რეორგანიზაცია კი მხოლოდ მის შტატს შეეხო.

კოპლატაძე ახლა სასამართლოს გზით აპირებს დაამტკიცოს, რომ მისი თანამდებობა მისივე განცხადებებს შეეწირა.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის იურისტი "პირველებთან" ზურაბ კუპლატაძის მიმართ გაგზავნილ მუქარის მესიჯებზე საუბრობს და ამბობს, რომ სავარაუდოდ, მუქარის შემცველი მითითებები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დავალებით მისდიოდა.

ბატონი ზურაბი ეწინააღმდეგებოდა რუსეთთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენას და ამის შესახებ წერდა საჯაროდ. როგორც თვითონ ამბობს, მის საჯარო სოციალურ აქტიურობას გარკვეული პირების მიერ მოჰყვა მითითებები და მუქარაც კი, რომ მას სამსახურიდან გაათავისუფლებდნენ, თუ ის საჯარო აქტიურობას არ შეწყვეტდა. სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დავალებით მოდიოდა ეს მესიჯები. ბატონი ზურაბი სააგენტოში აყენებდა გარკვეული ავიაკომპანიებისთვის ოპერირების უფლების შეჩერების საკითხს. ჩვენ ამ გათავისუფლებას ვაფასებთ როგორც პოლიტიკურ დევნად, რადგან სახეზეა დისკრიმინაცია სწორედ განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრების ნიშნით, შესაბამისად დიახ, ნამდვილად არის პოლიტიკური დევნა და როგორც გარემოებებიდან ირკვევა, უკავშირდება ბატონი ზურაბის დამოკიდებულებას სააგენტოს გადაწყვეტილებებთან მიმართებით", - აღნიშნა სოციალური სამართლიანობის ცენტრის იურისტმა.

სოციალური სამართლიანობის ცენტრში აცხადებენ, რომ კოპლატაძის სამსახურიდან გათავისუფლება არის დისკრიმინაციული მოპყრობა.

 ცენტრი მოუწოდებს:

  • სასამართლოს - სწრაფი მართლმსაჯულების პრინციპის დაცვით, დროულად განიხილოს ზურაბ კოპლატაძის გათავისუფლების საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი სარჩელი;
  • საქართველოს გენერალურ პროკურატურას - დროულად და ეფექტიანად გამოიძიოს სავარაუდო დანაშაულის ნიშნების შემცველი უმოქმედობა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მხრიდან.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადება სრულად ნახეთ აქ