"ოცნებას" პრეზიდენტის მოქმედებები, ნაბიჯები და განცხადებები ძალიან დიდ დისკომფორტს უქმნის - ანა ნაცვლიშვილი

07.12.23 11:52
"ოცნებას" პრეზიდენტის მოქმედებები, ნაბიჯები და განცხადებები ძალიან დიდ დისკომფორტს უქმნის -  ანა ნაცვლიშვილი

"ფაქტია, რომ "ქართულ ოცნებას" პრეზიდენტის მოქმედებები, ნაბიჯები და განცხადებები ძალიან დიდ დისკომფორტს უქმნის" - ამის შესახებ "ლელოს" წევრმა, დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა ირაკლი კობახიძის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადებების კომენტირებისას ისაუბრა. 

ოპოზიციონერი ამბობს, რომ მმართველი ძალა ძალაუფლების შენარჩუნებას ყველა მეთოდით ცდილობს და იმათ, ვინც  მის პოლიტიკას არ იზიარებს, მტრად აცხადებს:  

"ფაქტია, რომ "ქართულ ოცნებას" პრეზიდენტის მოქმედებები, ნაბიჯები და განცხადებები ძალიან დიდ დისკომფორტს უქმნის, ისევე როგორც ყველას სხვა ადამიანის, რომელიც მისგან განსხვავებულ პოზიციას აფიქსირებს. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ "ქართული ოცნება" არის არა პოლიტიკური ძალა, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია ქვეყანა განავითაროს და წინ წაიყვანოს, არამედ, მისთვის მნიშვნელოვანია, როგორმე შეინარჩუნოს ძალაუფლება და ყველა, ვინც შესაძლოა, მის პოლიტიკურ ხაზს არ იზიარებდეს და ამ ძალაუფლების ნაწილი არ იყოს, ყველა მტრად ესახება. 

სალომე ზურაბიშვილი აგვისტოში გადადგება და ოპოზიციის კამპანიის ლიდერი გახდება - ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ ზურაბიშვილი გახარია გზას გაივლის და მასაც "გადააყენებენ". 

ამასთან, "ოცნების" ლიდერი აანონსებს, რომ  პრეზიდენტი არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადების კამპანიაში ჩაერთვება, იტყვის რომ არჩევნები გაყალბდა და შედეგებს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს.