მდინარაძე ადასტურებს, რომ არჩევნებზე "ოცნება" უფრო მეტ ფულს ხარჯავს
პარტიების შემზღუდავი კანონპროექტი პარლამენტში ახალი პოლიტიკური დაპირისპირების საფუძველი გახდა. ოპოზიციისთვის კანონპროექტი იმდენად ფასადურია, რომ კომიტეტის სხდომაზე შესვლის აზრიც კი ვერავინ დაინახა. ამ ყველაფრის პარალელურად კი "ოცნება" შავი ფულის არსებობას არ აღიარებს და აცხადებს, რომ ეს შავი ფული ოპოზიციაშია.
ამ კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი და ფრაქცია "ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ადასტურებს, რომ "ოცნება" არჩევნებზე მეტ ფულს ხარჯავს, მაგრამ მდინარაძე ხსნის, რომ ეს მხოლოდ თეთრი ფულია და არა შავი, რომელსაც, მისი თქმით, ოპოზიცია იყენებს ხოლმე.
შავი ფული ტრიალებს "ნაცმოძრაობაში". თავის დროზე ბიუჯეტიდან მოპარული ფული, "ნაცმოძრაობაში" არ ვგულისხმობ საკუთრივ პარტია "ნაციონალურ მოძრაობას", მთელ კლასტერს ვგულისხმობ, იქ ტრიალებს შავი ფული და მათ არ ჰგონიათ ნამდვილად, მაგრამ უნდათ ხალხს მოაჩვენონ, რომ ასე ფიქრობენ, რომ სხვაგანაც შავი ფულია და რეალურად, იცით რატომ არის ხოლმე ჩვენი ხარჯი მნიშვნელოვნად დიდია ხოლმე, ვიდრე მათი? იმიტომ, რომ ჩვენ ფულს შავს არ ვატრიალებთ არსად და ყველაფერს ვაჩვენებთ თეთრად. ანუ თქვენ რა გგონიათ, რომ ოპოზიცია ჩვენზე ნაკლებ ფულს ხარჯავს? ოფიციალურ თანხებში, თეთრ ფულში, მათი ტერმინოლოგიით ვილაპარაკოთ, ჩვენი გაცილებით მეტი რატომ არის იცით? იმიტომ, რომ ისინი შავ ფულს ატრიალებენ და ჩვენ არც ერთ კაპიკს არ მივყვებით ისე, რომ შავი მაქინაციები გვქონდეს. არ გვჭირდება და იმიტომ", - აღნიშნა მდინარაძემ.
საკანონმდებლო წინადადების მიხედვით, იურიდიულ პირებს პარტიების დაფინანსება აეკრძალებათ და ამით "ოცნების" თქმით, პოლიტიკაში ჭარბი ფინანსური გავლენები შემცირდება.