პედაგოგი სამინისტროსთან შიმშილობას წყვეტს, მაგრამ პროტესტს აგრძელებს
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, რომელიც უკვე მეოთხე დღეა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან იმყოფება და დირექტორთა შესარჩევი კონკურსის მიმდინარეობას და შედეგებს აპროტესტებს, შიმშილობას წყვეტს, თუმცა პროტესტს აგრძელებს.
მაია ეკალაძე ამბობს, რომ შიმშილობის გამო მას კლინიკაში გადაყვანა დასჭირდა.
წუხელ კლინიკაში გადამიყვანეს, რაღაც პრეპარატები გამიკეთეს და ბევრად მხნედ და ენერგიულად ვარ ახლა, ვიდრე მანამდე ვიყავი. საკვები ჯერ ვერ მივიღე. ვცადე, მაგრამ ორგანიზმმა არ მიიღო. თუმცა შიმშილობას ვწყვეტ, შევჭამ, როცა ეს დასჭირდება ორგანიზმს და შევძლებ ამას”, – ეუბნება ნეტგაზეთს მაია ეკალაძე.
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის მაია ეკალაძისთვის, პროტესტის მეოთხე დღეა. ოთხ დეკემბერს მან განათლების სამინისტროსთან შიმშილობა დაიწყო, 5 დეკემბერს კი კარავიც გაშალა. არასამთავრობო ორგანიზაციებმა 6 დეკემბერს განათლების სამინისტროს მოუწოდეს, ქმედითი ნაბიჯები გადაედგა, რათა საფრთხე არ შეჰქმნოდა პროტესტში მონაწილე ადამიანთა ჯანმრთელობას. ეკალაძე იმ საინიციატივო ჯგუფის წევრია, რომელიც 6 თვეზე მეტია, დირექტორთა შესარჩევი კონკურსის მიმდინარეობას და შედეგებს აპროტესტებს.