გალუზინი თამაზ გინტურზე: "მკვლელობა" არაკორექტული ტერმინია
"რისთვის უნდა დავსაჯოთ ვინმე, როდესაც მესაზღვრე მოქმედებდა იმ წესების ფარგლებში, რომლებიც საერთაშორისოდ ცნობილია, ასე რომ, ამის შეფასება მკვლელობად არასწორია," - ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ოკუპანტების მიერ თამაზ გინტურის ჩაცხრილვაზე საუბრისას გააკეთა.
მიხაილ გალუზინის მტკიცებით, რუსი ოკუპანტების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობაზე საუბრისას ტერმინი "მკვლელობის" გამოყენება არასწორია.
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ კომენტარში გალუზინი თამაზ გინტურს სდებს ბრალს თავდასხმაში და ამბობს, რომ ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული რუსი სამხედროები "თავს იცავდნენ".
საჭიროა რეალურად და ცხადად იმ გეოპოლიტიკური რეალობის მიღება, რომელიც გარშემო გვაქვს. საჭიროა ცხადად დამახსოვრება დღევანდელი მდგომარეობის, მიზეზებისა, სათავეებისა და ისტორიის, როგორ ვითარდებოდა მოვლენები 2008 წლის აგვისტოდან. როგორ იწყებოდა საქართველოში აგრესია სააკაშვილის ხელმძღვანელობით, სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისა და რუსი სამშვიდობოების წინააღმდეგ. რუს სამშვიდობოებზე თავდასხმა ნიშნავს რუსეთზე თავდასხმას, ამიტომ საქართველო იძულებით მოწოდებული იქნება მშვიდობისკენ.
რაც შეეხება თამაზ გინტურის საქმეს, ტერმინოლოგია რომელიც შეკითხვაში გამოიყენეთ არაკორექტულია. საქმე ეხებოდა არა იმას, რომ ვინმე მიზნად ისახავდა ადამიანის მკვლელობას, არამედ იმას რომ ადამიანებმა უკანონოდ გადაკვეთეს სამხრეთ ოსეთის საზღვარი, ამასთან ერთად, ისინი ნაჯახის გამოყენებით ემუქრებოდნენ მესაზღვრეებს, ნაჯახი სერიოზული ცივი იარაღია, ისინი ცდილობდნენ ეკლესიაში შეჭრას, როდესაც მას წესრიგისკენ მოუწოდეს, ამ ნაჯახით ისინი ჩვენს მესაზღვრეებს დაემუქრნენ. მესაზღვრეებმა მოუწოდეს, შეეწყვიტათ მსგავსი ქმედებები, ამის მიუხედავად ისინი ჩვენს მესაზღვრეებს ემუქრებოდნენ, უნდოდათ მანქანით დასჯახებოდნენ. თავიდან, გამაფრთხილებელი ცეცხლი ჰაერში გაიხსნა, შემდეგ კი უკვე მანქანის ბორბლების მისამართით.
რისთვის უნდა დავსაჯოთ ვინმე, როდესაც მესაზღვრე მოქმედებდა იმ წესების ფარგლებში, რომლებიც საერთაშორისოდ ცნობილია, ასე რომ, ამის შეფასება მკვლელობად არასწორია. კარგი იქნებოდა ქართულ მხარეს კარგად განემარტა საკუთარი მოსახლეობისადმი, რომ არ ღირს ჩუმად და უკანონოდ საზღვრების გადაკვეთა", - ამბობს ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.