10-თვიანი დაპირისპირების დასასრული - ერთ საათში გახდება ცნობილი, ტოვებს თუ არა ნიკა მელია პარტიას
10-თვიანი დაპირისპირების დასასრული. წერტილების დასმის დრო დადგა. ტოვებს თუ არა ნიკა მელია "ნაციონალურ მოძრაობას"? ზუსტად ერთ საათში პარტიის ყოფილი თავმჯდომარე საგანგებო განცხადებას გააკეთებს. მელია იტყვის სად ხედავს საკუთარ თავს და პარტიიდან წასული ხალხის მომავალს. ახალი პოლიტიკური პლატფორმა უკვე დაანონსებულია, თუმცა მისი თანაგუნდელები უფრო მეტ კონკრეტიკას ელოდებიან. მელიას დღევანდელი განცხადებით ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე დიდი გაყრის პროცესიც ლოგიკურ დასასრულამდე მივა, რადგან წასასვლელი სხვა უკვე აღარავინ დარჩა.
დღევანდელი ბრიფინგისთვის ნიადაგი რამდენიმე დღეა აქტიურად მზადდება. რეგიონების საკრებულოების წარმომადგენლები ერთმანეთის მიყოლებით აკეთებდნენ განცხადებებს პარტიის დატოვების შესახებ. ნაციონალური მოძრაობის ლიდერებისთვის ეს კამპანია კარგად დადგმული პერფომანსი იყო. თუმცა ამ პროცესის დასრულება ახლა ორივე მხარის ინტერესში უნდა იყოს. ახლა მთავარი კითხვაა, რას სთავაზობს ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თამჯდომარე იმ ხალხს, ვინც მისი მხარე დაიჭირა.
დეტალები ნახეთ, ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.